ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის კომპანია „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. “რძის სკანდალის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც BMG-ის რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, მესამე ინსტანციამ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია “ჩირინას” ლაშა პაპაშვილისთვის 1,6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.
რევაზ ვაშაკიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგას” მესამე ინსტანციის მიერ დაკისრებული 1.6 მილიონი გადაუხადა, თუმცა ბიზნესმენი აპირებს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ – საქართველოს პროკურატურაში გაასაჩივროს, შემდეგ კი, არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს.
“მე არ ვებრძვი ლაშა პაპაშვილს. ბიზნესში დავა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მთავარია სასამართლო იყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი, რომლის გადაწყვეტილებებიც სამართლიანობის და კანონიერების პრინციპებს დაეფუძნება.
ჩვენ, ჩვენი ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არ დაგვირღვევია, მაგრამ თბილისის სასამართლომ არასამართლიანი და არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მან არააკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა მტკიცებულებად ჩათვალა. ასევე, არასწორად აღებული სინჯებიც მტკიცებულებად ჩათვალა. ამდენად, ჩემი აზრით, სასამართლომ კანონი დაარღვია. შესაბამისად, პრეტენზია მაქვს მოსამართლეებთან, რომლებმაც ეს გადაწყვეტილებები მიიღეს და მიმაჩნია, რომ უნდა გასამართლდნენ. პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე და მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს”, – განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ BMG-სთან
BMG ბიზნესდავის მეორე მხარეს – ლაშა პაპაშვილსაც ესაუბრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით არც “ყვარლის ბაგას” მფლობელია კმაყოფილი, მაგრამ მიაჩნია, რომ ახლა საუბარს აზრი არ აქვს, რადგან უზენაესმა საბოლოო განჩინება მიიღო.
“ზოგადად, არ მიხარია სასამართლოს დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა… ახლა რა აზრის აქვს ამ საკითზე ან წუწუნს ან საუბარს. როგორც გახსოვთ, თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 მილიონ ლარამდე დააკისრა კომპანია “ჩირინას”, მაგრამ შემდეგ საბოლოოდ, ასე დამთავრდა… მოგეხსენებათ, მე გასაჩივრებული მქონდა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება და ვითხოვდი, სრულ ანაზღაურებას (ანუ 4.7 მილიონ ლარს), მაგრამ ფაქტობრივად, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – ჩვენ მიერ მოთხოვნილი თანხის მესამედი დააკმაყოფილა. ვერაფერს ვერ ეშველება. რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!”, – თქვა ბიზნესმენმა და იქვე დასძინა, რომ ე.წ. “რძის სკანდალით” მერძევეობის სექტორი სერიოზულად დაზიანდა.
დავა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და „ჩირინას“ შორის მიმდინარეობდა. „ყვარლის ბაგა“ „ჩირინასგან“ სულ 4 700 323 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
