აფხაზეთში ომის დაწყების დღესთან დაკაშირებით, ისტორიკოსი, ტელეპროდიუსერი მაია სტეფნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვყეყნებს:
“ტელეკომპანია “მზე”-ში რომ დავიწყე მუშაობა 2003 წლის აპრილში, “როიტერის” შთამბეჭდავი არქივი დამხვდა აფხაზეთის ომზე.
ვერ გეტყვით, რამდენი საათი გავატარე ამ კადრების გადარჩევაში. ერთხელ მემონტაჟე ტირილით გავარდა და აღარც დაბრუნდა.
სხვა მემონტაჟეს აქეთ ვანამუსებდი და ვაწყნარებდი, ისეთი მძიმე კადრების ყურება გვიწევდა. ისიც გამექცა და მერე არხის რეჟისორი დოდიკა მეხმარებოდა მასალების გაშიფვრაში.
სამაგიეროდ, ერთხელ ატირებულმა ქალმა დაგვირეკა. “რეაქცია”-ს ეთერში საკუთარი შვილი ნახა, ჯერ კიდევ ცოცხალი და ეს მისთვის დიდი საჩუქარი იყო. ამ კადრების გადაწერა გვთხოვა.
ვცდილობდი ამდენი სისხლის და გვამების ყურებისას გავმაგრებულიყავი და ისე მემუშავა, მაგრამ 2-ჯერ მაინც ვერ შევძელი და ისტერიული ტირილი ამივარდა. ბაბუშერაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის, ცოცხლად ჩამწვარი ქართველი ბიჭების და ხმით მტირალი, მიწაზე დამხობილი კაცის ყურებამ გამანადგურა.
მეორედ კი, გემს ცურვით ადევნებული სასოწარკვეთილი ძაღლის ნახვისას დავიტირე ის დანგრეული სამოთხის ნაწილი, რომელიც ჩემი დედულეთი იყო, ის ბედნიერი ზაფხულები, რომლებიც ქართველ და აფხაზ ბავშვებთან თამაშში თვალის დახამხამებაში მეწურებოდა ბაბუშერაში, ბებიაჩემის სისხლ-ხორცებთან, ჩემიებთან სტუმრობისას, ნათელში იყონ.
ჰოდა, რუსებზე მეტად ის ქართველები მძულხართ, ვინც ამ ჯოჯოხეთს ამართლებთ და რუსოფობიით გვამუნათებთ!” – წერს მაია სტეფნაძე.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
