საარსებო შემწეობა 140 ათასამდე პირს შეუწყდა – რამდენი ადამიანი იღებს დახმარებას

დღის სიახლეები ეკონომიკა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 6 546 ადამიანს შეუწყდა, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით კი ბაზიდან ჯამში 139 870 ადამიანის ამოღება მოხდა.

კერძოდ, 2026 წლის ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 576 902-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი აგვისტოში 570 356-ს გაუტოლდა. 2026 წლის იანვარში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 226 სოციალურად დაუცველი იღებდა.

შეგახსენებთო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ე.წ. გაბერილ რაოდენობასთან დაკავშირებით თავდაპირველად განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ „ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედია.“

ხელისუფლებამ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება და კრიტერიუმების შეცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. როგორც მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამის მიზეზია ის, რომ ბაზაში დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.

მოგვიანებით კი მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები შეცვალა. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში გაჩნდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *