ხორბალი, შაქარი, კაკაო, სიმინდი – რატომ ძვირდება ყველაფერი?

დღის სიახლეები ეკონომიკა

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟებზე ზრდის თვალსაჩინო დინამიკა ფიქსირდება, კერძოდ, ერთ თვეში ხორბალი 16%-ით არის გაძვირებული; შაქარი თითქმის 20%-იან ზრდას აჩვენებს; კაკაოს 28%-იანი ზრდა აქვს; სიმინდი 14%-ით გაძვირდა; კარაქის ფასმა 10%-ით მოიმატა; ხოლო სოიო 9%-იან ზრდას აჩვენებს.

თუ ძირითად სასაქონლო კალათას დააკვირდებით, დავინახავთ, რომ წელს თითქმის ყველა აგრიკულტურული საბირჟო საქონლის ფასი გაზრდილია, რაც რამდენიმე ძირითად ფაქტორს უკავშირდება, თუმცა მათ შორის მთავარია ნავთობის 34%-ით და ბუნებრივი აირის 118%-ით ზრდა. ენერგიის გაძვირება ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის ტექნიკის ოპერირებისა და სასუქის წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის, რაც, საბოლოო ჯამში, პროდუქციის ფასზე აისახება.

კაკაოს შემთხვევაში, ფასების ზრდა დასავლეთ აფრიკაში, კერძოდ კოტ-დ’ივუარსა და განაში არსებულმა ხანგრძლივმა გვალვებმა გამოიწვია. აღნიშნული რეგიონი მსოფლიო მიწოდების 60%-ზე მეტს უზრუნველყოფს.

ასევე, ანალოგიური კლიმატური პრობლემები შეიქმნა შაქრისა და ხორბლის მწარმოებელ რეგიონებშიც. ელ-ნინიოს მოვლენით გამოწვეულმა გვალვებმა ინდოეთსა და ბრაზილიაში შაქრის ლერწმის მოსავლიანობა არსებითად შეამცირა. პარალელურად, ხორბლის ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში უამინდობამ მოსავლის პროგნოზები საგრძნობლად შეამცირა.

ამასთან, ბაზარზე მიწოდების დეფიციტს გეოპოლიტიკური და ლოგისტიკური შეფერხებებიც ამწვავებს. შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი, საექსპორტო შეზღუდვები და წითელ ზღვაში შექმნილი ვითარება გადაზიდვის ხარჯებსა და მიწოდების რისკებს ზრდის.

შექმნილი ვითარების ფონზე, ბირჟაზე სპეკულაციური ვაჭრობაც გააქტიურდა. ჰეჯფონდები და ტრეიდერები სასაქონლო ფიუჩერსულ კონტრაქტებს ინტენსიურად ყიდულობენ, რაც ფასების ზრდის ტემპს კიდევ უფრო აჩქარებს, რადგან ბაზარზე არა მხოლოდ მწარმოებლები და რეალური მომხმარებლები, არამედ სპეკულატორებიც არიან.

bm.ge

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *