უნგრეთის მთავრობა პარასკევიდან ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას შეწყვეტს – განაცხადა უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა და ამ გადაწყვეტილებას უცხოელი მუშახელის შემოდინების რეგულირების პროცესში პირველი ნაბიჯი უწოდა. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის „ტიცას“ პარტიამ, რომელმაც 12 აპრილს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მემარჯვენე ლიდერის ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა, განაცხადა, რომ ივნისიდან შეწყვეტს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი მუშახელისთვის ვიზების გაცემას.
პრესსპიკერმა ვანდა შონდიმ მედიასთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს უცხოელი მუშახელის დასაქმების პირობების გამკაცრებას, რადგან არსებობს შეშფოთება, რომ ისინი ადგილობრივებისთვის ხელფასებს ამცირებენ.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უცხოელი მუშახელი უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, მაგრამ ზოგიერთი სექტორი, როგორიცაა მომსახურება და წარმოება, დიდად არის დამოკიდებული უცხოელ მუშახელზე.
მთავრობა ცვლილებებს შეიტანს დადგენილებაში, რომელიც დამსაქმებელ კომპანიებს საშუალებას აძლევდა, გამარტივებული პროცედურით შემოეყვანა მუშახელი ფილიპინებიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. თანამშრომლებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან თავიანთ სამუშაო ადგილებზე, შეუძლიათ გახანგრძლივება მოითხოვონ, ხოლო უკვე არსებული მოთხოვნების განხილვა მოხდება.
უნგრეთის ზოგიერთმა უმსხვილესმა უცხოელმა ინვესტორმა განაცხადა, რომ მუშახელის შემოდინების სრული შეჩერება დარტყმას მიაყენებს კომპანიებს და მთლიანად ეკონომიკას.
