კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა – მეზობლები ევროპას ირჩევენ, საქართველო იზოლაციაში რჩება! – გია გაჩეჩილაძე

დღის სიახლეები პოლიტიკა

კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა – მეზობლები ევროპას ირჩევენ, საქართველო იზოლაციაში რჩება! ამის შესახებ “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეგიონში ისტორიული ტექტონიკური ძვრები მიმდინარეობს: სომხეთმა კრემლთან სტრატეგიული პარტნიორობა საბოლოოდ შეწყვიტა და ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენას გეგმავს.

“სომხეთის მთავრობამ ოფიციალურად ამოიღო რუსეთისთვის „სტრატეგიული პარტნიორის“ სტატუსი ქვეყნის ახალ, 2026–2031 წლების სამთავრობო პროგრამაში. პარალელურად, აზერბაიჯანმაც, რუსეთთან აშკარა დისტანცირების ფონზე, სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა აშშ-სა და ევროკავშირთან! ამ ფონზე, უმძიმესი საყურებელია ჩვენი ქვეყნის რეალობა, როდესაც საგარეო იზოლაციაში მოქცეული ხელისუფლება ოკუპანტთან გაუაზრებელი ფლირტით საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ მომავალს!

სანამ ჩვენი მეზობლები ხვდებიან, რომ დასავლური პარტნიორობა უსაფრთხოებისა და განვითარების ერთადერთი გზაა, საქართველო კვლავ შიდა კლანური ომებისა და ურთიერთლანძღვის გულისამრევ პოლიგონად არის ქცეული. მათ ქვეყნის განვითარების არანაირი ხედვა არ გააჩნიათ, რამაც სახელმწიფო მძიმე პოლიტიკურ ანარქიამდე მიიყვანა!

„საქართველოს მწვანეთა პარტია“ მყარად ვაცხადებთ: საქართველოს ერთადერთი უსაფრთხო, მშვიდობიანი და პროგრესული გზა გადის მყარ ევროპულ და დასავლურ ინტეგრაციაზე! საგარეო პოლიტიკა და სახელმწიფო უნდა იმართებოდეს მხოლოდ მცოდნე, გამოცდილი, პროფესიონალი, პატიოსანი და პატრიოტი ადამიანების მიერ. დროა დასრულდეს შიშისა და არაკომპეტენტურობის ეპოქა პოლიტიკაში!” – წერს გია გაჩეჩილაძე.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *