მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება – ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, თბილისის მეტროს ვაგონების განახლების შესახებ ინფორმაცია გასული წლის ბოლოს გაჟღერდა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, ამ მიმართულებაზე 2026 წელს 100 მილიონი ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული.
პროექტი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) სესხით ხორციელდება. კერძოდ, პროექტში სესხის მოცულობა 125 მლნ ევროა, ჯამში მეტროს მოდერნიზაცია კი 205 მილიონი ევრო ჯდება.
2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის თანახმად, პროექტი 2025-2030 წლებზეა გათვლილი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
