რუსეთს საქართველოსთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან, თანამშრომლობის განვითარება სურს – ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ალექსეი შევცოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. როგორც შევცოვმა განაცხადა – რუსეთს შეუძლია, „მეგობარ და ნეიტრალურ ქვეყნებს“ რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელები შესთავაზოს.
მისივე თქმით, რუსეთს ამ მიმართულებით „მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან“.
„რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია შესთავაზოს რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მომგებიანი მოდელები, და ჩვენ ამას ვაკეთებთ ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყველა მეგობრულ და ნეიტრალურ ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს კოოპერაციის მნიშვნელოვანი პოტენციალი ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან. რეგიონთაშორისი კავშირების განვითარება კი, ჩემი აზრით, მარტივი ვაჭრობიდან და საქონლის გაცვლიდან ერთობლივი საწარმოო ჯაჭვების შექმნისკენ უნდა წავიდეს“, – განაცხადა შევცოვმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – „რეგიონთაშორისი თანამშრომლობა ევრაზიაში“.
პრობლემებიდან შევცოვმა გამოყო არასაკმარისად განვითარებული ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა და ერთობლივი პროექტების დამოკიდებულება ფინანსურ-საბანკო ტრანზაქციებზე: „ყველა ეს საკითხი მოგვარებადია, მათ შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონების მექანიზმის, საერთაშორისო გასწრების განვითარების ტერიტორიების, ასევე ანგარიშსწორებაში არამეგობრული სახელმწიფოების ვალუტების გამოყენებაზე უარის თქმის გზით“.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
