პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებმაც მოქალაქეს მოტყუებით, რუსთავში, დაუსრულებელ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინა მიჰყიდეს, ნაცვლად დასრულებულისა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრალდებულები ამ გზით, 102 850 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.
„საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად 102 850 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულებმა დაზარალებული მოატყუეს თითქოსდა აშენებულ და დასრულებულ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ ბინას ყიდდნენ. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის გაუგზავნეს სხვა საცხოვრებელი ბინის სურათები და დაარწმუნეს თითქოსდა სწორედ აღნიშნულ ბინას ყიდდნენ, რეალურად კი მიყიდეს დაუსრულებელ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით – 102 850 ლარს” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სასჯელი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
