წლის პირველ ექვს თვეში სომხეთმა ევროკავშირში ექსპორტი 80%-ით, 516 მლნ დოლარამდე გაზარდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ 287 მლნ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშში წერია, რასაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მიწოდება იმ ფონზე გაიზარდა, რაც რუსეთმა სომხური საქონლის იმპორტის თანმიმდევრული შეზღუდვა დაიწყო. მოსკოვმა სომხეთიდან ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის, ყვავილების, მინერალური წყლის, ალკოჰოლის, ასევე, რძისა და თევზის პროდუქტების იმპორტი აკრძალა.
შედეგად, რესპუბლიკის სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, იანვარ-ივნისში რუსეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 20.9%-ით, ანუ 3.326 მლრდ დოლარიდან 2.630 მლრდ დოლარამდე შემცირდა. ერევნის საგარეო ვაჭრობაში მოსკოვის წილი 34.7%-დან 27.5%-მდე დაეცა. ამასთან, კრემლში ერევანს აფრთხილებენ, რომ სავაჭრო ბრუნვის “დრამატული” ვარდნის ტენდენცია გაგრძელდება.
სომხური პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტზე პირველი რუსული აკრძალვები რესპუბლიკაში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა, ხოლო არჩევნებში პროდასავლელ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვების შემდეგ მათი რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ფაშინიანი შეზღუდვებს “პოლიტიზებულს” უწოდებს. საპასუხოდ ერევანმა მიწოდების სხვა, მათ შორის, ევროპულ ბაზრებზე გადამისამართება დაიწყო.
თავის მხრივ, ევროკავშირმა სომხეთს „ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად“ და ექსპორტის გადამისამართებისთვის 52 მლნ ევროს გადაუდებელი დახმარება გამოუყო. ბრიუსელმა სომხური საქონლის, თითქმის, 80%-ზე გადასახადების გაუქმებაც დააანონსა. ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რესპუბლიკა ევროკავშირს სასმელისა და ალკოჰოლის 90%-ზე მეტს, ასევე, ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, თითქმის, 99%-ს მიაწვდის, რომელიც მანამდე რუსეთში ექსპორტირდებოდა.
ამის გარდა, იანვარ-ივნისში სომხეთმა სავაჭრო ბრუნვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რიგ ქვეყნებთან გაზარდა, კერძოდ, ბელორუსთან 18,8%-ით, ყაზახეთთან 16,3%-ით, ხოლო ყირგიზეთთან 220,6%-ით გაიზარდა. თუმცა, ზოგადად, კავშირის ქვეყნების წილი რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობაში 36.3%-დან 29.4%-მდე შემცირდა.
ამასთან, სომხეთის მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვა, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩა და 9.571 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 0,1%-ით ნაკლებია.
პუტინი სომხეთში ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას დაჟინებით მოითხოვს, ხოლო ევროპული კურსის შედეგებზე ერევანს უკრაინის ბედს ახსენებს. ასევე, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სომხეთს, რუსეთთან ეკონომიკური გაწყვეტის შემთხვევაში, „ღრმა შიდა კრიზისითა“ და „კიდევ რაღაც უარესით“ დაემუქრა.
ცნობისთვის: 2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში რესპუბლიკის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მიიღო. იმავე წლის აპრილში ის ქვეყნის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანმა დაამტკიცა.
bpn.ge
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
