კაცი, რომელიც იჩემებდი, საქართველოს მოვუტანე მშვიდობაო, საკუთარი ოჯახისთვისაც ვერ მოახერხე ეს – რაც ხდება, აბსოლუტურად კანონზომიერია – მშიშარა არსებისგან სპარტაკი არ გამოიძერწება, – ასე მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი „დიდ გულზე იყო, როცა პრემიერის სავარძელში იჯდა და ძალოვან უწყებებს მართავდა“, ახლა კი „თვითონაა შეშინებული, ისტერიკაშია და აღარ იცის, რით უშველოს თავს“.
„ირაკლი ღარიბაშვილი – კლასიკური, სტანდარტული „ქოცი“, რომელიც ჩემთვის ივანიშვილზე ბევრად უარესი პერსონაჟია.
დიდ გულზე იყო მაშინ, როცა პრემიერის სავარძელში იჯდა, როცა ძალოვან უწყებებს მართავდა, როცა ივანიშვილის მთავარ ვეზირად ითვლებოდა, როცა არასრულწლოვნებს აშინებდა. ახლა თვითონაა შეშინებული, ისტერიკაშია, აღარ იცის, რით უშველოს თავს, მაგრამ რას ვიზამთ – ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ასეთია მონის ხვედრი.
2023 წლის 24 მარტს ხომ აკადრა მამაჩემს, 100 ათას დოლარად მიეყიდე სააკაშვილსო? საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხომ დაავალა ფიზიკური ანგარიშსწორება?
ვხედავ ვინ არის „გაფარჩაკებული და საცოდავი“, მაღალია უფლის განგება. ხოდა, ჩემო ირაკლი, ზუსტად ის ხალხი წაგესია ახლა შენ.
ისე, იმ მწარედ დაგინებულზე ისევ შეწერილი გაქვს, სასამართლოშიც დაიმალე, მაგრამ წაქცეულ კაცს წიხლს აღარ მიგაყოლებ.
ერთადერთი, გული რაზეც მწყდება არის ის, რომ დანაშაულისთვის და სამშობლოს ძარცვისთვის არა სამართლიანი სასამართლო, არამედ პატრონი გსჯის.
კაცი, რომელიც იჩემებდი, საქართველოს მოვუტანე მშვიდობაო, საკუთარი ოჯახისთვისაც ვერ მოახერხე ეს. რაც ხდება, აბსოლუტურად კანონზომიერია – მშიშარა არსებისგან სპარტაკი არ გამოიძერწება,“ – წერს სანიკიძე.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
