ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაჟღერებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ამ დროის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში 680-მდე ტონა საწვავია შეტანილი.
გოცირიძის ცნობით, აფხაზეთში მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საქართველოდან შესული ბენზინი არც გალში და არც სოხუმში არ დარჩენილა-პირდაპირ რუსეთში გავიდა
“ხელისუფლების აღიარებით, აფხაზეთში 680 ტონა საწვავი შეუტანიათ. როგორც მიმწოდებელი ფირმის ხელმძღვანელი ამბობდა, ეს ბენზინი ყოფილა. დიზელის ხსენებას ერიდებიან-ვაი თუ რუს სამხედროებთან თანამშრომლობა დაგვბრალდესო. არადა, ზოგადად, მსუბუქი ავტომობილების 20 პროცენტამდე სწორედ დიზელზე მუშაობს.
რაკი ბენზინიო, იყოს ბენზინი.
აფხაზეთში მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საქართველოდან შესული ბენზინი არც გალში და არც სოხუმში არ დარჩენილა-პირდაპირ რუსეთში გავიდა. ამ დროს, „ოცნების“ ხელისუფლება ეროვნული გრძნობებით მანიპულირებს და გვიმტკიცებს, რომ საწვავი გალში ჩვენს თანამემამულეებს მოხმარდა.
მართლა ასეა ეს თუ არა?
ოფიციალური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გალის რაიონში სულ 10-მდე პატარა ავტოგასამართი სადგურია (იქ „როსნეფტისა“ და „პოდოროჟნიკის“ დიდი რუსული სადგურები არ ოპერირებენ). 680 ტონა ბენზინი გალის რაიონს დაახლოებით 20-22 დღეს ეყოფოდა, თუმცა გალში საწვავი არ არის.
მთელ აფხაზეთში 110 ავტოგასამართი სადგურია. ეს რაოდენობა (680 ტონა) აფხაზეთს არასეზონურად 5 დღეს ყოფნის, ხოლო პიკურ სეზონზე-3 დღეს. საწვავი არც სოხუმშია.
თუ არსადაა, მაშ სადაა? ალბათ ან სოჭში, ან სამხედრო ბაზებზე, ან ცოტ-ცოტა-ყველგან.
“ოცნების” ხელისუფლება რუსეთის მაშველი რგოლია. არა მხოლოდ ამ შემთხვევაში” – წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
