„მითების დეტექტორმა“ „ფეისბუქზე“ 230 AI-ის მიერ გენერირებული ყალბი პროფილი გამოავლინა, რომელიც “ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად და ხელისუფლების მოსაზრების მოსაწონებლად შეიქმნა

დღის სიახლეები პოლიტიკა

ორგანიზაცია “მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ორგანიზაციამ ფეისბუქზე“ 230 AI-ის მიერ გენერირებული ყალბი პროფილი გამოავლინა, რომელიც “ქართული ოცნების მხარდასაჭერად და ხელისუფლების მოსაზრების მოსაწონებლად არის შექმნილი.

“მითების დეტექტორის“ ცნობით, 230 ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში განთავსებულ იმ საინფორმაციო ბარათებზე გამოვლინდა, რომელიც “რუსოფობიის გაძლიერების“ თემაზე მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცხადებას ასახავდა.

“12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავზე, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის რანგში ბრიფინგი გამართა, რომლის მთავარი თემა საქართველოში „რუსოფობიის“ გაძლიერება იყო. კობახიძემ 2008 წლის ომი „დიფ სთეითს“ დაუკავშირა და რუსოფობიის მაგალითებად რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართული აქციები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტები დაასახელა.

კობახიძის გამოსვლიდან ფრაგმენტები სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებმა “იმედმა“ და “რუსთავი 2-მა“, ასევე საიფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ სოციალურ ქსელში საინფორმაციო ბარათების სახით გაავრცელეს, სადაც ყურადღება საქართველოში ანტირუსული განწყობების გაღვივებასა და ამ პროცესში “დიფ სთეითის“ როლზე იყო გამახვილებული.

“მითების დეტექტორი” აღნიშნულ საინფორმაციო ბარათებზე მოწონებებს (likes) და იმ პროფილებს დააკვირდა, რომელთა ფოტოების ავთენტურობა, ვიზუალის და სოციალურ ქსელებში ქცევის იდენტურობა საეჭვოდ გამოიყურებოდა. ანალიზის შედეგად კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) ნიშნები გამოავლინა, რომელიც კონკრეტული სახელისუფლებო გზავნილების მიმართ მხარდაჭერის გაზრდას ისახავდა მიზნად.

კვლევის ფარგლებში, 230 ყალბი ანგარიში გამოვლინდა, რომელთა საერთო მახასიათებლები კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაზე (CIB) მიუთითებს:

პროფილის ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა (AI) გენერირებული – ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებების ამომცნობი ხელსაწყოს, Hive Moderation-ის თანახმად, 230-ვე პროფილის ფოტო 90%-ზე მეტი ალბათობით AI-გენერირებულია; რამდენიმე შემთხვევაში მაჩვენებელი 100%-საც აღწევს. ამასთან, AI-გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის ხელებისა და თითების არაბუნებრივი ფორმები და გარკვეული დეფორმაციები ვიზუალური დაკვირვებითაც გამოვლინდა.

ხდება ფოტოებისა და კომპოზიციის დუბლირება – ანგარიშების ნაწილი იყენებს იდენტურ ან ერთმანეთთან ძალიან მსგავს ფოტოებს, მათ შორის ერთსა და იმავე ფოტოს მცირე ცვლილებებით. სხვადასხვა ანგარიშის ვიზუალი ფოტოს გადაღების მანერასა და დეტალებს იმეორებს. გვხვდება თბილისის ფონზე, ყავის ან ღვინის ჭიქით, თავზე შემოდებული ხელით ან მსგავსი კომპოზიციით გადაღებული ერთგვაროვანი ესთეტიკის ფოტოები. ბუნებრიობის განცდის შესაქმნელად ვიზუალი გართობისა და დასვენების, სპორტული აქტივობების კადრებსაც ასახავს. რამდენიმე შემთხვევაში, სხვადასხვა ანგარიშს იდენტური სახელი და გვარი აქვს მითითებული.

მხარდაჭერა ხელოვნურად შექმნილი სოციალური მრავალფეროვნების ხარჯზე ხდება – ქსელი სხვადასხვა ასაკის, გარეგნობისა და ინტერესის მქონე ადამიანების მხარდაჭერის შთაბეჭდილებას ქმნის: ახალგაზრდა და ასაკოვანი, კონსერვატიული და ალტერნატიული, რელიგიური, ოჯახური, სპორტული და დასვენებაზე ორიენტირებული პროფილებით.

პროფილების სანდოობის გასაზრდელად AI გენერირებული ანგარიშები რეალურ სამუშაო ადგილებს და სასწავლებლებს უთითებენ

პროფილების უმეტესობას მითითებული აქვს სასწავლებელი და სამუშაო ადგილი, მათ შორის თბილსერვისი, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, საქართველოში არსებული სხვადასხვა სადაზღვევო კომპანია, კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და მუნიციპალური სამსახურები.

იკვეთება იდენტური ქცევა – ანგარიშების უმრავლესობას საქართველოს ქალაქებში გადმოსვლის პერიოდად 2026 წლის 20-24 ივლისის აქვს მითითებული, თუმცა ზოგ შემთხვევაში უფრო ადრე გენერირებული პროფილებიც გვხვდება.

ერთსა და იმავე გზავნილზე კონცენტრირებული აქტივობა – საეჭვო ანგარიშების მოწონებები “გლობალური ომის პარტიის”, “დიპ სთეითის გეგმის” და “მეორე ფრონტის გახსნის შესახებ” მმართველი პარტიის თავმჯდომარის კონსპირაციული გზავნილების, ასევე “რუსუფობიის” შესახებ ნარატივის შემცველ პოსტებზეა კონცენტირებული, რაც ერთიანობაში მხარდაჭერის ხელოვნურად გაზრდის ნიშნებს ატარებს.

აღსანიშნავია, რომ “მითების დეტექტორმა” AI-გენერირებული პროფილების აქტივობის მსგავსი შემთხვევა 2026 წლის აპრილშიც გამოავლინა, რა დროსაც 75 ყალბი ანგარიში ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტებზე აქტიურად გამოხატავდა რეაქციებს. პოსტები ეხებოდა როგორც დიუშენის მკურნალობის მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს, ისე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, რომელიც კონკრეტული პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებდა. 75 ანგარიშიდან 47 ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ერთი და იმავე ფოტოს მოდიფიცირებულ ვერსიებს იყენებდა. ანგარიშების ნაწილი კი წარსულშიც იყო ჩართული სხვადასხვა დისკრედიტაციის კამპანიაში“, – აცხადებს “მითების დეტექტორი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *