კობა ლიკლიკაძე – არ მიმაჩნია სწორად, რომ გიორგი ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე სანქცია  რუსეთს უკვე აქვს გაცემული

დღის სიახლეები პოლიტიკა

არ მიმაჩნია სწორად, რომ გიორგი ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, პიროვნება, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე სანქცია რუსეთს უკვე აქვს გაცემული,- ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი, კობა ლიკლიკაძემ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

კობა ლიკლიკაძე, რომელიც აფხაზეთის ომის დროს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული პრესცენტრის ყოფილი თანამშრომელი იყო, აცხადებს, რომ იმ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე და სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს და გამბედაობა უნდა ჰყოფნიდეს, რომ ბოდიში სწრაფად მოიხადოს.

„გამომძიებელი დაინტერესდა ზუსტად იმით, თუ რა პერიოდში ვმონაწილეობდი პირადად მე 1992–1993 წლებში და როგორი იყო ჩემი გამოცდილება. პირადად თუ მიმიღია მონაწილეობა და თუ მინახავს დატყვევებული აფხაზები. პირადად თუ შევხვედრივარ ბატონ გიორგი ბარამიძეს აფხაზეთში. რა მსმენია ტყვეთა გაცვლის პროცესში თუ საბრძოლო მოქმედებების დროს, მისი მონაწილეობის შესახებ. ამის ირგვლივ იყო ძირითადად საუბარი, რაზედაც მე ამომწურავი პასუხები გავეცი.

მე პირადად ბატონი გიორგი იქ არ მინახავს, მაგრამ მსმენია, რომ ის მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის პროცესში. ეს მსმენია ჩემი კოლეგებისგან, პრესცენტრის იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ასევე, გავიხსენე ერთი ეპიზოდი, როდესაც ახალგაზრდა აფხაზი ტყვე ჩავწერე, რომელიც გაიცვალა ერთ-ერთი მორიგი გაცვლის პროცესის დროს და რომელმაც მაშინ თქვა, რომ ძალზედ კარგად ექცეოდნენ ქართველები.

ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწისა და სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირი ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ მოიხადოს სწრაფად ბოდიში და შეცვალოს ის, რაც მან ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა. მე ვფიქრობ, რომ ამ ბოდიშს ყველაზე მეტად ელოდებოდნენ ვეტერანები, ადამიანები, რომლებსაც, ბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, არც ხელფასი აქვთ მაღალი და არც სოციალური მდგომარეობა, აქვთ მხოლოდ ღირსება. იმას, როდესაც იტყვი, რომ ტყვეებს ხვრეტდნენ, ხოლო იქითა მხარე, თურმე, ანგელოზია და რუსული დისციპლინით მოქმედებს, ეს მათ ღირსებას ლახავს.

მე არ მიმაჩნია სწორად, რომ გიორგი ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, პიროვნება, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე სანქცია რუსეთს უკვე აქვს გაცემული“, – განაცხადა კობა ლიკლიკაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. 

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *