საკვების მიტანის კომპანიამ სამუშაო ძალის 20-30% დაკარგა – რა გავლენა იქონია კურიერების დეფიციტმა

დღის სიახლეები ეკონომიკა

საკვების მიტანის კომპანია Glovo-მ მიმდინარე წლის 1 მარტიდან პარტნიორი კურიერების 7% დაკარგა და კადრების დეფიციტი შეექმნა, საკურიერო ბაზარმა კი ჯამურად სამუშაო ძალის 20-30% დაკარგა – ამის შესახებ BM.GE-ს გლოვოს რეგიონული ოფისიდან განუცხადეს.

საქმე ისაა, რომ 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოს მთავრობამ უცხოეთის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად დასაქმება აუკრძალა. “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შესული ცვლილებით, ამ საქმიანობებზე ნულოვანი კვოტა დაწესდა, რის შედეგადაც, “შრომითი საქმიანობის უფლება”, რომლებიც უცხოელების სხვა პოზიციებზე დასაქმებისთვის გაიცემა, კურიერების, ტაქსის მძღოლებისა და გიდებისთვის დაშვებული საერთოდ არ არის.

როგორც Glovo-დან გვითხრეს, აღნიშნულმა დეფიციტმა გავლენა მიწოდების ფასებსა და დროზეც იქონია. კერძოდ, ეროვნულ დონეზე მიწოდების საშუალო ვადა 35-დან 55 წუთამდე გახანგრძლივდა.

“ბაზარზე კურიერების მწვავე დეფიციტის გამო, ჩვენ დამატებითი მოთხოვნის სტიმულირებას ვერ ვახდენთ, რადგან ამ ეტაპზე შეკვეთების საიმედოდ შესასრულებლად საკმარისი რესურსი არ გაგვაჩნია. შესაბამისად, საბოლოო მომხმარებლისთვის სერვისი უფრო ძვირია, ვიდრე ეს კურიერების ადეკვატური რაოდენობის პირობებში იქნებოდა. ამავდროულად, კომპანია იღებს მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს არსებული კურიერების შესანარჩუნებლად და ახლების მოსაზიდად.

[დეფიციტი] აშკარად აისახა მიტანის სავარაუდო დროზეც: თუ ადრე ქვეყნის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელი 25–35 წუთს შეადგენდა, ახლა ის 45–55 წუთამდე გაიზარდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია პიკის საათებსა და არახელსაყრელი ამინდის პირობებში”, – ამბობენ Glovo-ში.

საერთაშორისო კომპანიაში მიიჩნევენ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან 3 თვეშიც, კადრების დეფიციტის შევსება ადგილობრივი მცხოვრებლებით ვერ ხერხდება, რის გამოც, მათი შეფასებით, არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ მომხმარებელი და სახელმწიფოც ზარალდება.

bm.ge

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *