სპეციალური პენიტენციური სამსახური №6 საპატიმროს მსჯავრდებულ გელა ისაშვილს პასუხობს. საუბარია პატიმარზე, რომლის საუბრის აუდიოჩანაწერი ამავე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული გიორგი დავითაძის – იმ მსჯავრდებულის ოჯახმა გაავრცელა, რომელიც ციხის თანამშრომლებს ხელით გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გელა ისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. აღნიშნული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი ფაქტი დაწესებულებაში არ მომხდარა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ გელა ისაშვილი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში რამდენიმე წელია, იმყოფება და სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) იხდის, სისტემატურად არღვევს დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს და არ ემორჩილება დადგენილ წესებს, რის გამოც მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული დისციპლინური სახდელი.
აქვე განვმარტავთ, რომ 2023 წელს, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, გელა ისაშვილს აღმოაჩნდა აკრძალული ნივთი – კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი, ე.წ. ბრაგა, რის გამოც მას სასჯელი დაემატა. იმავე წლის ივნისში სასამართლო სხდომაზე მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდების მხარის პროკურორს, რის გამოც მას დამატებითი სასჯელი კვლავ დაეკისრა. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი არაერთი მსგავსი საქციელის გათვალისწინებით, 2025 წლის 8 აგვისტოს იგი მაღალი რისკის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. აღნიშნულ დაწესებულებაშიც გელა ისაშვილი განაგრძობდა სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევას, რის გამოც არაერთი დისციპლინური სახდელი აქვს დაკისრებული. უფრო მეტიც, 2026 წლის აგვისტოში მან სასეირნო სივრცეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ყველა შესაბამისი მასალა გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს მსგავსი დარღვევებითა და პროვოკაციული ქმედებებით გამორჩეული პირების მიერ გავრცელებული განცხადებები, არ აჰყვეს დაუდასტურებელ ბრალდებებს და დაეყრდნოს მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას”, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახმა პატიმრის, გელა ისაშვილის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ის დავითაძისთვის გამოცხადებული სოლიდარობის გამო ციხის თანამშრომლების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.
ჩანაწერის თანახმად, მას შემდეგ, რაც დავითაძე მე-6 დაწესებულებაში მიიყვანეს, მას სისტემატურად აგინებენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.
პატიმარი ასევე მიუთითებს მარიამობის დღესასწაულზე პატიმრების მილოცვის გამო განხორციელებულ თავდასხმაზე, სხეულის დაზიანებებსა და ტემპერატურით წამებაზე.
„ზუსტად ვიცი და მჯერა გიორგისი, რატომ იცი? ზუსტად მაგ დღისით, 2 რიცხვში ყველა თანამშრომელი დადიოდა და გიორგის აგინებდნენ, ხომ მაინც გაგაუპატიურეთ, შენი ასე და ისეო, ოჯახის მიმართულებით. მე აღნიშნულის გამო გამოვუცხადე სოლიდარობა, თავის დაზიანების ფორმით და თანამშრომლები ჩემთან რომ შემოვიდნენ, გიორგიმ დაიმსახურაო და მაგიტომ გავაუპატიურეთო, რეზინიანი თითითო, მაგის გამო თვალებში ვაფურთხე…
დამესივნენ აქეთ-იქიდან, შემაგდეს მანქანაში, ჩემთან ერთად ბიჭები ვინც წამოიყვანეს, 6 კაცი წამოგვიყვანეს ლაითურში, სპეცრაზმი აბსოლუტურად ყველას აგინებდა. მარიამობის დღესასწაული აგვისტოში მივულოცე პატიმრებს და მაგის გამო შემომიცვივდნენ, აქეთ-იქედან თავზე დამახტნენ, მერე ერთმანეთს გადაეფარნენ, მუხლებს მირტყამდნენ, დეესკალაციაში ჩამიყვანეს, მთელი დღის განმავლობაში ბორკილი ბოლომდე მქონდა გაჭერილი, სისხლები მდიოდა, ჩალურჯებული მქონდა, შემდეგ ტემპერატურით მაწამეს.
რაც მოვიდა გიორგი მე-6 ში, მაგის შემდეგ, აგინებენ, ეუბნებიან, გარედან შემოგითვალესო“, – ამბობს პატიმარი გელა ისაშვილი აუდიოჩანაწერში.



