ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ გამორჩეული ხელოვნებისთვის, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოც წერილში.
ქართული ესტრადის ლეგენდას, საქართველოს სახალხო არტისტ ნანი ბრეგვაძეს, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „რომანსის დედოფალს“, 21 ივლისს 90 წელი შეუსრულდა.
როგორც პატრიარქის წერილშია ნათქვამი, განუმეორებელი ხმის, შემოქმედებითი ხიბლის, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის, დახვეწილი მუსიკალური გემოვნებისა და სილამაზის წყალობით, მომღერალმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მილიონობით მსმენელის გულში და ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელი გახდა.
„დრო მის შემოქმედებას მხოლოდ ახალ სიღრმეს სძენს. იგი მისთვის ჩვეული სინატიფითა და შინაგანი ღირსებით ამშვენებს სცენას და მსმენელს უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულსა უზიარებს“, — ნათქვამია მილოცვის წერილში.
შიო III-ემ ნანი ბრეგვაძეს გულწრფელი მადლობა გადაუხადა ხელოვნებაში შეტანილი იმ გამორჩეული წვლილისთვის, რომელმაც მრავალი თაობის სიყვარული, პატივისცემა, აღიარება დაიმსახურა და ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და უფლის წყალობა უსურვა.
„უფალმა დალოცოს იგი და მიანიჭოს მხნეობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე, რათა თავისი შემოქმედებით კიდევ დიდხანს ახარებდეს და ატკბობდეს ჩვენს გულებს“, – ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი
