შიმშილობა დაიწყო პატიმარმა, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები გაასაჯაროვა

დღის სიახლეები საზოგადოება

გიორგი კვიცარიძემ, რომელმაც „ტვ პირველს“ პოლიციის ძალადობის კადრები მიაწოდა, ციხეში შიმშილობა დაიწყო.

ამის შესახებ პატიმრის დედა, ეთერ კვიცარიძე აცხადებს და ამბობს, რომ მისი შვილის გარდა, მინიმუმ კიდევ ორი პატიმარი შიმშილობს.

„შიმშილზე წავიდა. სამნი სხედან სულ საშიმშილო კამერაში, დაკავშირება უნდათ „ტვ პირველთანო“. ისეთ მდგომარეობაშია, მეშინია, რამე არ უქნან და არ დააბრალონ მას, თვითონ ქნაო“, — განუცხადა „ტვ პირველს“ ეთერ კვიცარიძემ.

ერთი თვის წინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციის განყოფილებაში არაერთი პოლიციელი დაკავებულ პირებზე ჯგუფურად ძალადობს. „ტვ პირველის” ინფორმაციით, 5 ვიდეოფაილი მათ 32 წლის IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის ოჯახმა მიაწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ვიდეოკადრების ავთენტურობა, თუმცა თქვა, რომ კადრები ახალი არ არის. ფაქტი 2022 წელს მოხდა, თუმცა დანაშაული მხოლოდ 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა, ანუ 4 წლის შემდეგ.

გიორგი კვიცარიძის დედის ცნობით, მისმა შვილმა გატეხა პოლიციელების შიდა ბაზა და გადმოწერა 33 ვიდეოფაილი, სადაც ასახულია ახალგაზრდების მასობრივი წამება, სიგარეტის დაწვა სხეულზე და სექსუალური ხასიათის მუქარაც კი.

დედის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაიგო, რომ კვიცარიძემ ეს ბაზა გატეხა, მას „ნარკოტიკი ჩაუდეს“ და სასწრაფოდ დააკავეს. დედა აღნიშნავს, რომ პოლიცია ითხოვდა კომპიუტერის გადაცემას, სადაც ფაილები იყო შენახული, თუმცა ის უსაფრთხო ადგილასაა გადამალული.

“ნეტგაზეთი”

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *