სიფრთხილისა და შესაბამისი მზადების ზომების მიღება აუცილებელია – რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი, – ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 2014 წელს, მაშინ, როდესაც ებოლას დიდი აფეთქება იყო დასავლეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან შორს იყო, შესაბამისი მზადყოფნის ზომები მაინც გატარდა.
ამასთან, განმარტა, რომ ქვეყანაში დიდი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ საყურადღებოა ის, რაც ხდება.
“შავი ჭირის დიდი უმრავლესობა გახლავთ ბუბონური… ბუბონური შავი ჭირი საკმაოდ კარგად ემორჩილება ანტიბიოტიკებით მკურნალობას და ადამიანები იკურნებიან. ბუბონური შავი ჭირის დროს სიკვდილიანობა 10%-ს არ სცილდება, ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირის დროს კი ეს ადის ძალიან მაღლა და შეიძლება 100%-მდეც ავიდეს.
როგორც იცით, დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ თითქოს მეორე შემთხვევაც არის გარდაცვალების, მაგრამ არავინ ადასტურებს, მით უმეტეს თვითონ რუსეთი არ ადასტურებს ამას.
აღნიშნულ ფაქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება, ასევე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სხვადასხვა უსაფრთხოების სამსახური. ეს არის ბაქტერიული დაავადება და, რადგან ბაქტერიული დაავადებაა, ანტიბიოტიკოთერაპიას, განსაკუთრებით ტეტრაციკლინის ჯგუფს, ამინოგლიკოზიდების ჯგუფს, კარგად ემორჩილება, თუ ადრეულ ეტაპზე დაისვა დიაგნოზი და ადრეულ ეტაპზე დაიწყო მკურნალობა.
შავი ჭირის ენდემური კერები არსებობს ადამიანებშიც. შედარებით ბევრი შემთხვევაა აფრიკაში მადაგასკარსა და აფრიკის რიგ ქვეყნებში.
ირკუტსკი მოშორებით არის ჩვენგან და არ ვიცი, პირდაპირი ფრენა არსებობს თუ არა. თუ პირდაპირი ფრენა არის ირკუტსკიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ საზღვრების კონტროლის შესახებ ზომები, რაც უკვე მიიღო ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.


