ჩვენ თვალწინ ხდება საუკუნის ტრაგედია – რუსების მასობრივი ჩამოსახლება საქართველოში – რა უბადრუკად ჩანს უკლებლივ მთელი „პოლიტიკური სპექტრი” თავისი უკბილო კომენტარებით, ხოლო ოპო-ტელევიზიების მთავარი ნიუსია ღარიბაშვილის მორიგი წკმუტუნი ციხიდან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ წერილშია აღნიშნული.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი და რუსები ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებენ და ამაზე მიუთითებს „რუსოფობიაზე“ გაკეთებული განცხადებების შემდეგ რუსების მასობრივი შემოდინებაა საქართველოში.
„ჩვენ თვალწინ ხდება საუკუნის ტრაგედია – რუსების მასობრივი ჩამოსახლება საქართველოში. ასეთი მასშტაბის უბედურება არ გვქონია, მას შემდეგ რაც შაჰ აბასმა გაასახლა ქართლ-კახელები და მათ მაგივრად ჩამოასახლა სხვა მოსახლეობა საქართველოს ქართველებისგან გასაწმენდად.
ნახეთ როგორ კოორდინაციაში არიან ივანიშვილი და რუსები – ჯერ ისტერიულად დაიწყეს საუბარი „რუსოფობიის” დაუშვებლობაზე, შემდეგ დაიწყო რუსების მასობრივი შემოდინება და რუსებმა გამოაცხადეს, რომ ეს ხალხი საქართველოში მუდმივად დაფუძნებას აპირებს.
ასეთი ნეგატიური პიარის შეეშინდათ ქოცებს და მეორე დღესვე FSB-მ გააკეთა ვერსია და თქვა, რომ რუსების მიგრაცია შვებულებებს უკავშირდება, რაც დამცინავი ტყუილია – შვებულებები ახლა მთავრდება და რიგი საქართველოდან გასვლაზე უნდა იყოს და არა შემოსვლაზე.
რუსები ამ ახალი ტალღის შედეგად გახდებიან, ქართველების შემდეგ რაოდენობით მეორე მოსახლეობა. გაუსწრებენ აზერბაიჯანელებს და წარმოადგენენ კატასტროფულ საფრთხეს. ჰკითხეთ უკრაინელებს, რომლებიც ახლა იმკიან რუსების ჩამოსახლების შედეგებს.
რა უბადრუკად ჩანს უკლებლივ მთელი „პოლიტიკური სპექტრი” თავისი უკბილო კომენტარებით, ხოლო ოპო-ტელევიზიების მთავარი ნიუსია ღარიბაშვილის მორიგი წკმუტუნი ციხიდან, ვითომ არაფერი! ღმერთო ნუთუ მართლა არ ვიმსახურებთ დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას?“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
