მსოფლიოს 100 საუკეთესო ყველს შორის 2 ქართულია

დღის სიახლეები საზოგადოება

მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყველის სტატუსი ბერძნულმა Graviera Naxou-მ დაიმსახურა – ამის შესახებ პოპულარული პლატფორმის, TasteAtlas-ის უახლეს რეიტინგში – „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“ – არის ნათქვამი.

37 ათასი მომხმარებლის შეფასებებზე დაყრდნობით, საუკეთესო ყველის სამშობლოდ, საბერძნეთთან ერთად, ასევე იტალია, საფრანგეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრაზილია და პოლონეთი დასახელდნენ. რეიტინგის პირველ ათეულში სწორედ ამ ქვეყნების სხვადასხვა პროდუქტი გადანაწილდა.

აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში – „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“ საქართველოდან ორი დასახელების ყველი – ტენილი და სულგუნი მოხვდა, შესაბამისად, მათ მე-17 და 35-ე პოზიციები დაიკავეს.

„ტენილი უნიკალური ქართული ყველია, რომელიც სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მზადდება. მისი დამზადება შეიძლება როგორც ძროხის, ისე ცხვრის რძისგან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რძე მაღალი ცხიმიანობით გამოირჩეოდეს. ყველს ჯერ წურავენ, ხოლო შემდეგ თბილ მასას ხელით მრავალჯერადად წელავენ თხელ ძაფებად, რაც მას განსაკუთრებულ ფორმასა და ვიზუალს სძენს.

ვინაიდან ეს პროცესი საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს, ტენილს, როგორც წესი, დიდი დღესასწაულებისა და ლხინისთვის ამზადებენ“, – აღნიშნულია პლატფორმის აღწერაში.

რაც შეეხება სულგუნს, Tasteatlas-ი წერს, რომ „სულგუნი ცილინდრული ფორმის ქართული ყველია, რომლის სამშობლოც სამეგრელოს რეგიონია. ყველს აქვს ნაზი, თუმცა მრავალფეროვანი გემო და ნახევრად მკვრივი ტექსტურა. მისი დამზადება შეიძლება ძროხის, კამეჩისა და თხის (იშვიათად) რძისგან, ან ამ სამივე სახეობის რძის ნაზავისგან.

ყველის გემური თვისებები, მისი ნაირსახეობიდან (ნედლი, შებოლილი თუ ნახევრად მაგარი) გამომდინარე, მერყეობს მსუბუქი მჟავიანობიდან და პიკანტურობიდან მლაშე და შებოლილ არომატამდე. ყველი ადვილად დნება, რის გამოც მას ხშირად იყენებენ პიცის მოსართავად, თუმცა მისი დამატება სხვადასხვა სალათასა თუ პასტის კერძებშიც შეიძლება“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

bpn

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *