რუსეთისა და საქართველოს სამხრეთ საზღვარზე ნაცნობი მიგრაცია მიმდინარეობს – ასე იწყებს სტატიას გამოცემა Politico საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მოროგი ნაკადის შესახებ.
სტატიის თანახმად, გასულ კვირას 113 000-ზე მეტმა რუსმა დატოვა ქვეყანა, „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. როგორც გამოცემა წერს, მიგრაციის მკვეთრი ზრდა ასახავს მზარდ შიშს, რომ კრემლი ახალი მობილიზაციის გამოცხადებისთვის ემზადება.
„საქართველომ ამ ტიპის სასაზღვრო მოძრაობა ადრეც ნახა. 2022 წლის სექტემბერში, როდესაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დაიწყო, რომლის დროსაც დაახლოებით 300 000 კაცი გამოიძახეს, საქართველო გაქცევის მსურველთა ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი იყო. როგორც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სასაზღვრო ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ, მან ერთ კვირაში 100 000-ზე მეტი რუსი მიიღო“ – ვკითხულობთ სტატიაში.
შეგახსენებთ, 2026 წლის მარტში რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტრო გეგმავდა დაახლოებით 80 000 ადამიანის, ძირითადად სტუდენტების, გაწვევას ახლად შექმნილ „უპილოტო სისტემების ძალებში“. ინიციატივას თან ახლდა მასობრივი პროპაგანდისტული კამპანია და უნივერსიტეტებზე ზეწოლა. სკოლის ადმინისტრაციები რეგულარულად ავალდებულებდნენ სტუდენტებს დასწრებოდნენ სამხედრო რეკრუტერებთან მასობრივ შეხვედრებს, სადაც მათ აიძულებდნენ, ხელფასების სანაცვლოდ კონტრაქტები გაეფორმებინათ.
სტატიაში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ კრემლმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ POLITICO-ს კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხეს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
