თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქე ქალის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და მისი თანმხლები პირები გუშინ გამოიკითხნენ და ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ გაფრთხილებულები არიან. ამის შესახებ აფციაურმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
აფციაურის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალი ქორწილის ღონისძიებაზე მყოფი პირების მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენებას გამორიცხავს.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში, სამართლებრივი დევნა დაიწყოს, რადგან დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს კისრის არეში დაზიანებები აქვს, ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ამაზე საუბარი არ არის.
კითხვაზე, აქვთ თუ არა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების აკრძალვა, ადვოკატი აცხადებს, რომ ისინი ამაზე გაფრთხილებულები არიან.
“გაფრთხილება აქვთ, რომ რამდენიმე დღე არ უნდა დატოვონ ქვეყანა და არც ტოვებენ… ყველა ადამიანი თავის დანაშაულზე აგებს პასუხს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუ ვინმე უცხო პირი, ვინც დანაშაულს ჩადის, ყველა პასუხს აგებს“, – განაცხადა აფციაურმა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი
