“პრესექსპრესი” განაგრძობს რუბრიკას “წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ”, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს თანამემამულეებთან ინტერვიუების ციკლს, რომლებიც საზღვაგრეთ ცხოვრობენ და წარმატებით მოღვაწეობენ.
დღევანდელი რუბრიკის სტუმარია კიდევ ერთი წარმატებული, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი, მომღერალი და ბიზნესმენი დავით ღვინიანიძე. ის ორ ათეულ წელზე მეტია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და საქმიანობს. ჩვენი მკითხველისთვის, ვფიქრობთ, ის მეტად ცნობილია სოციალურ ქსელებში თავისი ლაივ ჩართვებითაც, რა დროსაც, თავის კაფეში მომუშავე პერსონალთან ერთად, მონატრებულ საქართველოზე ხშირად მღერის. ამისთვის უამრავ თბილ სიტყვებს ღებულობს როგორც სრულიად საქართველოსგან, ისე ემიგრანტი ქართველებისგან. თუმცა, ალბათ, ბევრმა არ იცის, რა გზა განვლო ემიგრაციამდე და ემიგრაციის პერიოდში დავითმა, ამის შესახებ ის ჩვენთან თავად საუბრობს:
– ტრადიციულად, მოკლედ თქვენ შესახებ, ოჯახზე – სად დაიბადეთ, გაიზარდეთ, რას საქმიანობდით ემიგრაციამდე?
– დავიბადე და გავიზარდე ულამაზეს ქალაქ ქუთაისში 1977 წლის 3 დეკემბერს — ქალაქში, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია, კულტურა და სული აქვს. ყოველთვის ვამაყობ, რომ ჩემი ფესვები სწორედ ქუთაისიდან მოდის.
დავიბადე არაჩვეულებრივ, ინტელიგენტურ ოჯახში, სადაც განათლებას, შრომას, კულტურასა და ადამიანების სიყვარულს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. სწორედ ოჯახმა ჩამომიყალიბა ის ღირებულებები, რომლებიც დღემდე ჩემი ცხოვრების მთავარი საყრდენია.
დედაჩემი, ელზა ლომიძე, ოჯახის ექიმია, რომლის ხელშიც ჩვენი ქალაქის არაერთი თაობა გაიზარდა. ის გამორჩეული პროფესიონალია, საკუთარ პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, რომელსაც პაციენტები განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით აფასებენ. მისთვის მედიცინა მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების მოწოდებაა.
მამაჩემი, თემურ ღვინიანიძე, საქართველოს ემერიტუსი, აკადემიკოსი და ღვინის ტექნოლოგია. ის უნიკალური ქართული ღვინოების შემქმნელი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი, არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მთელი თავისი ცხოვრება ქართული მეღვინეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.

ჩემი და, თეონა ღვინიანიძე, ქუთაისის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია. ის გამორჩეული კარდიოლოგი, საოცარი პროფესიონალი და უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე ექიმია. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მისი თავდაუზოგავი შრომა, ცოდნა და ზრუნვა რომ არა, დღეს შესაძლოა, ჩემი მშობლები ჩვენ გვერდით აღარ ყოფილიყვნენ. ამისთვის მისი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება.
ჩემი სიძე, ვალერი თავაძე, დასავლეთ საქართველოს საპატრულო პოლიციაში ერთ-ერთ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს. ის ღირსეული, პრინციპული და მაღალპროფესიონალია, რომელმაც თავისი საქმისადმი ერთგულებითა და პასუხისმგებლობით არაერთი ადამიანის პატივისცემა დაიმსახურა.

ბავშვობაში ყოველთვის მეგონა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მშობლები მყავდა. დღეს, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც, იმავე აზრზე ვარ. მათგან ვისწავლე შრომის სიყვარული, პატიოსნება, ღირსება, ადამიანების პატივისცემა და საკუთარი საქმის ერთგულება. სწორედ მათმა მაგალითმა ჩამომაყალიბა ადამიანად და ხელოვანად.
რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას — დღემდე არ ვარ დაოჯახებული. ალბათ, ეს ჩემი პროფესიისა და ცხოვრების წესის შედეგია. მუსიკა, ხელოვნება და სცენა ყოველთვის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და დღემდე ასეა. თუმცა ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მყავს სამი უსაყვარლესი დისშვილი — ნიკუშა, ლევანიკო და სანი. ისინი ჩემი უდიდესი სიხარული, სიამაყე და ყოველდღიური მოტივაცია არიან. მათი სიყვარული და წარმატება ჩემთვის განსაკუთრებული ბედნიერების წყაროა.
– გვიამბეთ თქვენს სასიმღერო კარიერაზე და განაგრძობთ თუ არა ისევ ამ კუთხით მოღვაწეობას?
რაც შეეხება ჩემს კარიერას და პროფესიულ გზას, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩემი მნიშვნელოვანი პროექტი ერთ მთავარ იდეას ეფუძნება — ჩემს პროფესიას. დღემდე, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, იქნება ეს კულტურული, საქველმოქმედო, თუ ბიზნესპროექტი, ყველაფრის საფუძველი მუსიკა და ხელოვნებაა. სწორედ ამიტომ, დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებულ ბიზნესსაქმიანობასაც ვეწევი, ჩემი ცხოვრების მთავარი ლეიტმოტივი ისევ ჩემი პროფესიაა.
პანდემიამდე ჩემი ცხოვრება მუდმივ მოგზაურობასა და მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სცენაზე გამოსვლას უკავშირდებოდა. პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამჯერ ჩავატარეთ ჩვენი საქველმოქმედო ფონდის „მსოფლიოს ტალანტების“ საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა ვოკალისტებისთვის. განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ კონკურსის მრავალი გამარჯვებული დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრების წარმატებული სოლისტია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო ქუთაისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი. მართალია, ქუთაისში საოპერო ფესტივალის ტრადიცია, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში არსებობდა, თუმცა, მას მხოლოდ საბჭოთა რესპუბლიკების მასშტაბი ჰქონდა. ჩვენ ამ ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მივანიჭეთ და იგი ქალაქ ქუთაისის კულტურულ ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
ჩემთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია პროექტი „კარნეგი ჰოლისაკენ“. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიყვანე თორმეტი გამორჩეული ნიჭიერი ახალგაზრდა, 6-დან 18 წლამდე ასაკის, რომლებსაც მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა გამოსულიყვნენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში — Carnegie Hall-ში. მათი გალა-კონცერტი ჩემი ინიციატივითა და სრული დაფინანსებით გაიმართა. საქართველოში ამ პროექტის მთავარი პარტნიორები იყვნენ ჩემი მეგობრები — ნანა და ნინო დოღონაძეები, არაჩვეულებრივი მუსიკოსები და პროფესიონალები, რომელთა მხარდაჭერამ, თავდადებამ და ერთგულებამ ამ პროექტის წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. დღეს იმ ახალგაზრდების უმრავლესობა უკვე წარმატებული პროფესიონალი მუსიკოსია და მათი მიღწევებით განსაკუთრებით ვამაყობ.
რაც შეეხება ჩემს სასცენო საქმიანობას, დღემდე აქტიურად ვმღერი და ვმართავ კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ჩემი პროფესია ყოველთვის პირველ ადგილზე იდგეს.

სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებულ შტატებში შევქმენი დავით ღვინიანიძის ხელოვნებისა და მუსიკის ორი ცენტრი ქალაქ ფილადელფიაში, სადაც მუსიკა, განათლება და კულტურა ერთ სივრცეში ერთიანდება.
ამავე იდეის გაგრძელებაა ჩემი რესტორნების პროექტიც. Café Maestro უკვე ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად იქცა. ეს არ არის მხოლოდ რესტორანი — ეს არის ადგილი, სადაც მუსიკა და ქართული კულინარია ერთმანეთს ერწყმის. ჩვენი მზარეულები თავადაც მუსიკოსები არიან და ხშირად სამზარეულოდან ქართულ სიმღერებს ასრულებენ. სწორედ ამ უნიკალური ხელწერის გამო ჩვენი ვიდეოები დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში და მათ არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ საქართველოშიც დიდი ინტერესით უყურებენ.
დღეს, როდესაც ამ ინტერვიუს ვაძლევ, პარალელურად მიმდინარეობს ჩემი ამერიკისა და კანადის საკონცერტო ტური. სცენას ვიზიარებ შესანიშნავ საოპერო მომღერალთან, საქართველოს დიდ მეგობართან, მარია მაქსაკოვასთან. 8 აგვისტომდე კიდევ არაერთ ქალაქში შევხვდებით ჩვენს მსმენელს.

ამის შემდეგაც ბევრი ახალი პროექტი და დიდი ჩანაფიქრი მაქვს. თუმცა, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, საქართველო ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში და ჩემს ყველა მომავალ გეგმაში. სწორედ ამიტომ ვცდილობ, ჩემი საქმიანობით ქართული კულტურა და ხელოვნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღირსეულად წარმოვაჩინო.
– როდის დატოვეთ საქართველო და რამ განაპირობა უცხოეთში წასვლა? გვიამბეთ თქვენი საზღვარგარეთ ცხოვრების შესახებ და მიიჩნევთ თუ არა თავს ემიგრანტად – ვიცით, რომ ხშირად სტუმრობთ საქართველოსაც?
– რაც შეეხება ჩემს ემიგრაციას, მისი მთავარი მიზეზი იყო პროფესიული ზრდის მოტივაცია. ყოველთვის მჯეროდა, რომ ხელოვანს განვითარებისთვის ახალი გამოწვევები, ახალი სცენები და საერთაშორისო გამოცდილება სჭირდება.
ჩემი ემიგრაცია 2000 წლის 7 მაისს დაიწყო. უკვე 13 მაისს კი გავხდი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საოპერო თეატრის სოლისტი, და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩემი საერთაშორისო პროფესიული გზა. ამის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრებსა და საკონცერტო სცენებზე ვმღეროდი, რამაც მომცა შესაძლებლობა, მემუშავა გამორჩეულ დირიჟორებთან, მუსიკოსებთან და შემოქმედებით კოლექტივებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია ისედაც საერთაშორისოა და მუდმივ მოგზაურობასთან იყო დაკავშირებული, 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გადმოვედი. დღეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ამერიკამ მომცა საშუალება, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამევითარებინა — როგორც პროფესიონალ მომღერალს, კულტურული პროექტების ავტორსა და ბიზნესმენს.
– ამ პერიოდში ახდა თუ არა თქვენი “ამერიკული ოცნებები”?
– ეს არის ქვეყანა, სადაც შრომა, მიზანდასახულობა და პროფესიონალიზმი ნამდვილად ფასდება. სწორედ ამიტომ არსებობს ცნება „ამერიკული ოცნება“ — რწმენა, რომ ადამიანს საკუთარი შრომით შეუძლია ყველაზე დიდი მიზნების მიღწევა. ბედნიერი ვარ, რომ მეც მომეცა ამ ოცნების რეალიზების შესაძლებლობა და ამისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს გულწრფელ მადლობას ვუხდი.
დღეს ემიგრაციაში თავს კომფორტულად და რეალიზებულ ადამიანად ვგრძნობ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო არ მენატრება. პირიქით — ჩემი სამშობლო ყოველთვის ჩემს გულშია. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ჩემთვის უდიდესი პატივია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული კულტურის, ხელოვნებისა და ჩემი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა. ეს იყო და დღემდე რჩება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს მისიად.
– რა არის ამჟამად თქვენი ძირითადი ბიზნეს-საქმიანობა და რამდენად ძნელი იყო ამ საქმის დაწყება? გვიამბეთ თქვენი ამ საქმიანობის შესახებ, ვინ გიდგათ გვერდში – ესენი მხოლოდ ქართველები არიან?
– საკონცერტო საქმიანობისა და ჩემი კულტურული პროექტების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ბიზნესი, რომელიც დავაფუძნე, იყო DG Home Care Services — ხანდაზმულთა შინ მოვლის სააგენტო. მოგვიანებით ამ საქმიანობას დაემატა Home Delivered Meals პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს დაფინანსებით ხანდაზმულ ადამიანებს ყოველდღიურად ვაწვდით მზა საკვებს საკუთარ სახლებში. ამის შემდეგ კი შევქმენი Adult Day Care ცენტრები, რომლებიც დღეს უკვე რამდენიმე ლოკაციაზე წარმატებით ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სწორედ ამ პროგრამებისთვის ვიქირავე პროფესიონალური სამზარეულო, სადაც მხოლოდ ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი საკვები უნდა დაგვემზადებინა. თავდაპირველად ჩემი სურვილი იყო, ეს ობიექტი მხოლოდ სამზარეულოდ ფუნქციონირებულიყო და საზოგადოებისთვის დახურული ყოფილიყო. თუმცა შენობის მფლობელმა ამის უფლება არ მომცა. მან მითხრა, რომ თუ ფართს ვიქირავებდი, ის საზოგადოებისთვისაც უნდა ყოფილიყო გახსნილი.
სწორედ მაშინ დაიბადა იდეა, რომ თუ ამ სივრცის დახურვა არ შემეძლო, მისთვის სრულიად ახალი სიცოცხლე მიმეცა და კაფე გამეხსნა.
– ცალკე მინდა ვისაუბროთ როგორც კაფე მაესტროს სტაფზე. თქვენი დაწესებულება საზოგადოებამ სამზარეულოთი გაიცნო, სადაც გარდა იმისა, რომ ქართული კერძები მზადდება, ისმის ქართული სიმღერებიც, რომლებითაც თქვენი გამომწერები თქვენი ლაივჩართვებით განებივრებულები არიან. მოგვიყევით თქვენ მომღერალ თანამშრომლებზე – დავითზე, გიორგიზე და სხვებზე. სიმღერა იყო თუ არა სტაფის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი?
სახელის შერჩევა არც მიფიქრია დიდხანს. მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკას უკავშირდება, ამიტომ კაფეს ბუნებრივად დავარქვი „Café Maestro“.
შემდეგ ჩემს გვერდით აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამ იდეას სული შთაბერეს. ერთ-ერთი პირველი იყო ჩემი მეგობარი დათო ნავერიანი, რომელსაც 2009 წლიდან ვიცნობ. მოგვიანებით შემოგვიერთდა გიორგი ქავთარაძე, მანამდე კი ჩვენს გუნდში მუშაობდა შესანიშნავი მზარეული დათო წურწუმია, რომელიც მოგვიანებით საქართველოში დაბრუნდა. ხშირად ღიმილით ვამბობ, რომ „Maestro“-მ ერთი ქართველი ემიგრანტი სამშობლოში დააბრუნა, და ეს ჩემთვის განსაკუთრებული სიხარულია.

ნელ-ნელა, ჩვენს კაფეში შეიქმნა განსაკუთრებული, ბოჰემური და ოჯახური გარემო. რადგან ჩემი ცხოვრება ყოველთვის ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული, ბუნებრივად სწორედ აქ დაიწყეს შეკრება მუსიკოსებმა, მომღერლებმა, მსახიობებმა და სხვა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებმა. მაგრამ ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ეს ადგილი მხოლოდ ქართველებისთვის არ გახდა საყვარელი — დღეს „Café Maestro“ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს აერთიანებს.
სწორედ აქ დაიბადა ის უნიკალური გუნდი, რომელსაც დღეს, თითქმის, მთელი საქართველო სოციალური ქსელების საშუალებით ადევნებს თვალს. ჩვენი ვიდეოები ასიათასობით ადამიანამდე აღწევს, რადგან ისინი მხოლოდ კერძებზე არ არის — ისინი ადამიანებზე, მეგობრობაზე, ქართულ სიმღერაზე, ქართულ ხასიათსა და სიყვარულზეა.
მე ძალიან ვამაყობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შევძელით ისეთი ადგილის შექმნა, სადაც ნამდვილად ისმის საქართველოს გულისცემა. ადგილი, სადაც ქართული სიმღერა, სტუმართმოყვარეობა, ტრადიციები და სიყვარული ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა.
და ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, რომ „Café Maestro“-მ, ჩემი ემიგრაციის შემდეგ, კიდევ ერთხელ დამაბრუნა ქართველი ხალხის გულებში. ეს პროექტი ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის — ეს არის ჩემი პროფესიის, ჩემი სამშობლოსა და ჩემი ცხოვრების სიყვარულის გაგრძელება.
ცალკე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ შეფ-მზარეულს — გიგა შამათავას. ის ახალგაზრდა, ნიჭიერი და ძალიან შემოქმედებითი პროფესიონალია, რომელმაც ჩვენს სამზარეულოში სრულიად ახალი ხედვა და მენიუ შემოიტანა. სწორედ მისი პროფესიონალიზმის, გემოვნებისა და თავდადებული შრომის შედეგად გახდა ჩვენი სამზარეულო კიდევ უფრო პოპულარული და წარმატებული.
ჩვენი კაფის სლოგანი — “Georgian Flavor with European Elegance” — ზუსტად გამოხატავს იმ სტილსა და კონცეფციას, რომელიც გიგამ, როგორც შეფ-მზარეულმა, ჩვენს კაფეში დაამკვიდრა: ქართული გემო, ევროპული დახვეწილობა და თანამედროვე ხედვა. ამისთვის მას გულწრფელ მადლობას ვუხდი.
რა თქმა უნდა, მინდა დიდი სიყვარულით მოვეფერო, ჩავეხუტო და მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის თითოეულ წევრს. მათი ერთგულებით, შრომითა და სითბოთი შეიქმნა ის ოჯახური გარემო, რომელიც ყოველდღე მხვდება, როდესაც ჩემს კაფეში შევდივარ. ჩემთვის Café Maestro მხოლოდ ბიზნესი არ არის — ეს არის დიდი ოჯახი, და ამ ოჯახის შექმნაში თითოეული თანამშრომლის წვლილი ფასდაუდებელია.
– თქვენი სამომავლო გეგმები უკავშირდება თუ არა საქართველოსაც და რა მიმართულებით?
რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს საქართველოსთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი. ამას ადასტურებს ისიც, რომ ჩემი ყველაზე მასშტაბური, ხმაურიანი და წარმატებული კულტურული პროექტები სწორედ საქართველოში განხორციელდა — ჩემს საყვარელ და მშობლიურ ქალაქ ქუთაისში.
განსაკუთრებით ვამაყობ ორი პროექტით, რომლებიც, ვფიქრობ, ქართველი ხელოვანებისა და მომავალი თაობისთვის მართლაც ფასდაუდებელი საჩუქარია. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე საქართველოში. უკვე ბევრი ახალი იდეა და ჩანაფიქრი მაქვს, რომლებიც ეტაპობრივად აუცილებლად განხორციელდება. მინდა, რომ ჩემი საქმიანობა კვლავაც იყოს ხიდი საქართველოსა და მსოფლიოს შორის, რათა ქართული კულტურა კიდევ უფრო ფართოდ გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
– მიიჩნევთ თუ არა თავს წარმატებულ ბიზნესმენად და რა არის, ან ვინ არის თქვენი წარმატების მიზეზი?
რაც შეეხება ჩემი ცხოვრების კრედოს, მინდა ყველას გავუზიარო ჩემი წარმატების ფორმულა.
არასოდეს დამიხარჯავს დრო იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ ჩემთვის ხელი შეეშალათ, ან ჩემი წარმატება შურითა და უარყოფითი დამოკიდებულებით შეეფასებინათ. ყოველთვის მჯეროდა, რომ წარმატების საუკეთესო პასუხი არის კიდევ უფრო მეტი შრომა, კიდევ უფრო დიდი საქმე და მუდმივი განვითარება.
ალბათ, სწორედ ეს გახდა ჩემი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. მე ყოველთვის ვცდილობდი, როგორც მშვილდოსანი, მთელი ყურადღება მხოლოდ მიზნისთვის მიმეპყრო. არასოდეს ვიხედებოდი მარჯვნივ თუ მარცხნივ, არასოდეს ვკარგავდი დროს იმაზე, რაც ჩემს მიზანს მაშორებდა. როდესაც იცი, საით მიდიხარ, ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაკარგო მიმართულება.
ამ პრინციპით ვცხოვრობ დღემდე და მჯერა, რომ სწორედ მიზნის ერთგულება, შრომა, დისციპლინა და საკუთარი საქმის სიყვარულია ის გზა, რომელსაც წარმატებამდე მივყავართ.
და ბოლოს, სპეციალურად “პრესექსპრესის” მკითხველებისთვის დავით ღვინიანიძისა და მისი საუკეთესო თანამშრომლების მიერ შესრულებული მეგრული სიმღერა. ისიამოვნეთ!
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
