თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე იმსჯელა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ წინასასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრა. სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, მოსამართლის, ფიქრია სექტურაშვილის თქმით, “არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი”.
დღევანდელ პროცესს თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწრებია. მოსამართლის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ბრალდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა დღევანდელ პროცესში მონაწილეობაზე. შესაბამისად, სხდომის განხილვა ბრალდებულის გარეშე ჩატარდა.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ახალი ბრალდება გუშინ წაუყენეს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
