თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა – პროექტი ₾288 მლნ ჯდება

დღის სიახლეები ეკონომიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-მა გაიმარჯვა. შესყიდვაში წინადადებების მიღება 31 მარტს დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში მერია 4 კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობდა. გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 287.6 მილიონი ლარის წინადადება დააფიქსირა, რაც ტენდერის სავარაუდო ფასზე 416.6 მილიონ ლარზე – 129 მილიონი ლარით ნაკლებია.

ტენდერში მონაწილეობა სულ სამმა თურქულმა და ერთმა ჩინურმა კომპანიამ მიიღო, კომპანიების მიერ დაფიქსირებულ წინადადებებს, ასევე, მათ მიერ მითითებულ გამოცდილებას და სხვა ტექნიკურ პარამეტრებს თბილისის მერია გასული სამი თვის განმავლობაში სწავლობდა, რის შედეგადაც გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების მქონე EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi გამოვლინდა.

კახა კალაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის მშენებლობის დაწყების პარალელურად, მერია გამოაცხადებს ტენდერს 10 ერთეული ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის შესყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია თუ რა იქნება აღნიშნული ტენდერის სავარაუდო ფასი.

“ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო დაპირება ისეთი ისტორიული პროექტის განხორციელებაზე, როგორიცაა ტრამვაის ხაზი. დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით, აზიის განვითარების ბანკის (ADB-ის) შესყიდვის წესებით გამოცხადებული ტენდერი, მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის, სამი თურქეთში, ხოლო ერთი ჩინეთშია რეგისტრირებული. წარმოდგენილი წინადადებების შეფასება დასრულებულია და გვყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE (Emre Ray + Yüksel + Erk), რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა. ADB-ის შესყიდვის წესების შესაბამისად განისაზღვრა ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *