თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანძრის გაჩენის გზით, ტერორისტული აქტის ჩადენის სხვა ეპიზოდზეც აქვს წარდგენილი ბრალდება და აღნიშნული საქმე არსებითი განხილვის პროცესშია.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.
აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში, ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე, ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში, მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება.
სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანძრის გაჩენის გზით, ტერორისტული აქტის ჩადენის სხვა ეპიზოდზე ალექსანდრე ელისაშვილს დამატებით აქვს წარდგენილი ბრალდება და აღნიშნული საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
***
„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ალეკო ელისაშვილის მეუღლე ირინა კილოსანიძე აცხადებს, რომ ელისაშვილის მიმართ გამოტანილი 13 წლიანი პატიმრობის განაჩენი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, ვერდიქტი ჯერ კიდევ 8 თვის წინ იყო მიღებული, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ელისაშვილს ტერორისტულ აქტში დასდო ბრალი.
პოლიტიკოსის მეუღლე ამბობს, რომ დაკავებული პოლიტიკოსი ხმნედ და ოპტიმისტურად არის განწყობილი, ადვოკატები კი განაჩენს ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი გვქონდა. ალექსანდრეც იქიდან ადვოკატების მეშვეობით ამას გვითვლიდა, რომ “არ ინერვულოთ, განაჩენი იქნება ყველაზე მკაცრი”. ვარაუდობდა, რომ 12-13 წელს მიუსჯიდნენ და ახდა მისი მოლოდინიც.
რა თქმა უნდა, ეს განაჩენი დადგა 8 თვის წინ, როდესაც პაპუაშვილმა პირველად გამოაცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი. ეს განაჩენი მაშინ გადაწყდა და მაშინ მიუსაჯეს რეალურად და დანარჩენი, მთელი 8 თვის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ცირკს, რომელიც იმართებოდა აი, ამ შენობაში და მართავდნენ ამ შენობის თანამშრომლები. უბრალოდ, დღეს მათ, ფაქსით მოუვიდათ “ქართული ოცნებისგან” იმეილი თუ წერილი, თუ როგორც არის, რომ ეს განაჩენი უნდა გამოაცხადოს გიორგი გელაშვილმა და მან “ქართული ოცნების” დავალება შეასრულა და განაჩენიც გამოაცხადა.
რამდენადაც ვიცი, ქვეყნის შიგნით ყველა ინსტანციას გაივლიან ადვოკატები და… ალექსანდრე არის კარგად, ალექსანდრემ შეგნებულად გააკეთა ის, რაც გააკეთა. მან გამოხატა პროტესტი, ის მზად იყო ამისთვის.
ესე იგი, 11 სექტემბერიც ტერორიზმი იყო, ეს რაღაცა ორი ქილა ბენზინის მისხმა მეტლახის იატაკზეც ტერორიზმია. გვახსოვს, რომ 11 სექტემბერს ჯერ ნგრევა მოჰყვა, მერე 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ანუ ალექსანდრეს ქმედება ბინ ლადენის ქმედებას გაუთანაბრეს და რავიცი, სასაცილოა ეს ყველაფერი.
მთავარია, რომ ალექსანდრე არის ძალიან კარგად, ერთი წიგნი უკვე დაწერა. ახლა ამუშვებს მეორე წიგნის იდეას. მხნედ არის, ოპტიმისტურად, – ამბობს ელისაშვილის მეუღლე, ირინა კილოსანიძე.
***
წისქვილის ქვა დაატრიალეს ალეკოს თავს და ამ ვითარებაში რომ წონასწორობა დაეკარგა, ნამდვილად არაა გასაკვირი. რეჟიმის მსხვერპლია ეს კაცი და იმსახურებს მხარდაჭერას ისიც და მისი ოჯახიც! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ალეკო ელისაშვილის მიმართ მოსამართლის მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც გვარამია აღნიშნავს, „ოპოზიციას „ქართული ოცნების“ მიერ ალეკო ელისაშვილის ტერორისტად შერაცხვა აკომპლექსებს“.
„13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს. ჩემი აზრით, ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ, იმიტომ რომ „ქოცების“ მიერ მისი ტერორისტად შერაცხვა გვაკომპლექსებს. წისქვილის ქვა დაატრიალეს ალეკოს თავს და ამ ვითარებაში რომ წონასწორობა დაეკარგა, ნამდვილად არაა გასაკვირი. რეჟიმის მსხვერპლია ეს კაცი და იმსახურებს მხარდაჭერას ისიც და მისი ოჯახიც! ალეკო, შენ გვერდით ვარ! არ იფიქრო, რომ არ მახსოვხარ და არ გგულშემატკივრობ! მალე თავისუფლებაზე!”- წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი,ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
***
ალეკო ელისაშვილის დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო – არ გამოვა ეგ საქმე, ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე!, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
ის ალეკო ელისაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩემს მეგობარს და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ალეკო ელისაშვილს 13 წელი მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ გამოგონილი ბრალით, რაც მხოლოდ პროპაგანდისთვის ჭირდება.
ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს და ვერაფერი მათქმევინებს უარს, ვიყო მებრძოლი კაცის ქომაგი! ალეკოს დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო. არ გამოვა ეგ საქმე. ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე!
თავისუფლება ალეკო ელისაშვილს!,“ – წერს კუპრაძე.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
