ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სოციალურ ქსელში სომხური გარგარისგან მომზადებული ჯემის ქილებით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
კოსმა აღნიშნა, რომ ქილებში სომხური გარგარისგან მომზადებული ჯემია. თავად გარგარი მას სომხეთში განხორციელებული ვიზიტის დროს აჩუქეს.
“ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგარისგან მოვამზადე.
გარგარი სიმბოლურად გამოხატავს სომხეთში მიმდინარე ცვლილებებს. გასული თვის არჩევნებზე სომეხთა უმრავლესობამ ხმა მისცა პარტიებს, რომლებიც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობას ითხოვენ. რუსეთმა სცადა ხმის მიცემაზე გავლენის მოხდენა სომხური ხილისა და ყვავილების იმპორტის შეზღუდვით. თავის მხრივ, ევროკავშირი სომხეთს დაეხმარა ამ პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნით.
სწორედ ამიტომ, როდესაც გასულ კვირას სომხეთში ვიყავი, ბრიუსელში გარგარის უზარმაზარი კალათით დავბრუნდი. ბევრი მათგანი მეგობრებს მივეცი. დანარჩენი კი ჯემად ვაქციე.
მეგობარმა ჯემს შეხედა და მითხრა: „თავისუფლების ქილები“. მეგონა, რომ ეს შესანიშნავი ფორმულირება იყო.
როდესაც სუპერმარკეტში მიდიხართ, ყურადღება მიაქციეთ სომხურ გარგარს, ქლიავს ან ალუბალს. ეს შანსია, გააკეთოთ რაიმე პატარა, რაც დაეხმარება სომეხ ფერმერებს და მხარს დაუჭერს მათი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს” – წერს მარტა კოსი.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
