„როიტერის“ მიერ ნანახი ევროპული ქვეყნის საიდუმლო დაზვერვის ანგარიშის თანახმად, რუსეთის საბანკო სისტემა „ფეთქებადი“ კრიზისის რისკის ქვეშაა. ანგარიშის ავტორები ამას მიაწერენ ბანკების მიერ საომარი ძალისხმევის ხარჯების მზარდი წილის საკუთარ თავზე აღებას.
ორგვერდიანი ანგარიში, სახელწოდებით „ჩანაწერი რუსეთში 2026 წელს საბანკო კრიზისის ალბათობის შესახებ“, ივნისში მომზადდა ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმირებისთვის ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტის მიღებამდე.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება აიძულებს ბანკებს, გასცენ სუბსიდირებული სესხები თავდაცვის საწარმოებისთვის, რეგიონული სახელმწიფო პროექტებისთვის და სახლის მყიდველებისთვის, ხოლო სახელმწიფო პროგრამები, რესტრუქტურიზაცია და სახელმწიფო მხარდაჭერა ნიღბავს დაგროვილ რისკებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კორპორატიული სესხების 10% საეჭვო გახდა – მკვეთრი ზრდა 2024 წელთან შედარებით – და ზოგიერთი მსხვილი ბანკისთვის, 2025 წელს არაეფექტური საცალო სესხების წილმა 15%-ს მიაღწია. გასულ წელს 500 000-ზე მეტმა რუსმა გაკოტრების შესახებ გამოაცხადა – თითქმის მესამედით მეტი წინა წელთან შედარებით. 13 მილიონზე მეტი ადამიანი, ერთდროულად, მინიმუმ, სამ სესხს იხდის.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უარი თქვა Reuters-თან ანგარიშის კომენტარზე. კრის ვიფერმა, Macro Advisory-ის რუსეთის ექსპერტმა, ანგარიშის მიმართ სკეპტიციზმი გამოთქვა. მან თქვა, რომ ეკონომიკა სტაგნაციაშია, მაგრამ სახელმწიფო დომინირება და თავდაცვის ხარჯები ნიშნავს, რომ ფინანსური კრიზისი ჰორიზონტზე არ ჩანს და ის აზრი, რომ სანქციების ახალი რაუნდი რუსეთს კრიზისში ჩააგდებს, „სურვილის რეალობად წარმოჩენაა“.
ევროკავშირის სანქციების 21-ე რაუნდი შესაძლოა ივლისში იქნას მიღებული. „როიტერის“ ცნობით, ახალ სანქციებს შესაძლოა, თითქმის, 90 ბანკი დაექვემდებაროს, რაც შეზღუდვებს დააწესებს საერთაშორისო კავშირების მქონე რუსული ბანკების ნახევარზე მეტზე. პაკეტში ასევე შეიძლება შევიდნენ კრიპტოვალუტის ქსელები, დრონების მწარმოებლები, ნავთობის მოვაჭრეები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
