პატიმრობა შეეფარდა გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს

დღის სიახლეები სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, გიორგი მალანიას.

ეს ბრალი 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდა 16 წლის ბრალდებულიც. ის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას ვაჟია.

პროკურატურის ვერსიით, მოზარდის დახმარებით, ალექსანდრე გაბაშვილმა, დემეტრე ჩიქოვანმა და გიორგი რიკაძემ „გაარკვიეს მისი [გიგა ავალიანი – რ.თ] სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი“.

ალექსანდრე გაბაშვილი მსჯავრდებულია გიორგი რიკაძესთან ერთად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო და 10 წელი და ექვსი თვე აქვთ მისჯილი.

გაბაშვილი გიგა ავალიანის მოსწავლის, ნია იმნაძის შეყვარებულია. გიგას მოსწავლე იყო გიორგი მალანიაც, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი.

მერაბ მალანიას ცნობით, იმნაძე და მალანია ერთმანეთს იცნობდნენ, რადგან მათი ოჯახები ბავშვობიდან მეგობრობენ.

ის ადასტურებს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, რომელიც მის ვაჟს „თვალით არ უნახავს“ მართლაც დაურეკა მის შვილს და „სალაპარაკოდ გაყოლა სთხოვა“; „არანაირ თავდასხმაზე საუბარი არ ყოფილა“.

„უთხრა, ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს ანუ მის შეყვარებულს, არასათანადოდ ექცევა, ჩემი ინფორმაციითო. აქედან გამომდინარე მინდა დაველაპარაკოო და წამომყევიო. უცხო ადამიანთან ასე ვინ რეკავს, წამოდი და თავი გავუტეხოთ ვინმესო. ეს იყო მათ შორის კომუნიკაცია. ჩემი შვილი არ გაჰყვა იმიტომ, რომ ის ზოგადად არ არის ასე გაზრდილი“, – თქვა მერაბ მალანიამ.

გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო სხდომები დახურულია, რადგან დაკავებულები არასრულწლოვნები არიან.

საქმის მასალებზე დაყრდნობით დეტალებზე გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე საუბრობს.

მისი თქმით, „ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანია გაიცნო მას შემდეგ, რაც ნია იმნაძემ და ალექსანდრე გაბაშვილმა გიგას მკვლელობა დაგეგმეს“

ეკა კუპატაძე ნია იმნაძეს გიგა ავალიანზე თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევს და მის დაკავებას მოითხოვს.

გიგა ავალიანის დედის მტკიცებით, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას გიგა ავალიანზე თავდასხმის დაგეგმვის მიზნით დაუკავშირდა.

მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ – რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა – სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *