ერთიან, სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებს წელს 57 მსჯავრდებული და ბრალდებული აბარებს

დღის სიახლეები საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში მსჯავრდებულები და ბრალდებულები ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი.

უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში წარმატებით ფუნქციონირებს “ციფრული უნივერსიტეტი”, რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.

გამოცდებზე ბრალდებული და მსჯავრდებული აბიტურიენტების მიყვანას სპეციალურ პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.

2026 წელს გამოცდების ჩასაბარებლად 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ. ის აბიტურიენტები, ვისაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქულები დააკლდებათ, სურვილისამებრ კოლეჯში პროფესიულ პროგრამაზე ჩაირიცხებიან.

გარდა ამისა, საბაკალავრო პროგრამების უმრავლესობა სამწლიანი გახდა.

აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება).

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *