თურქულმა გაზეთმა Hürriyet-მა ანკარაში ნატოს სამიტისთვის მზადების შესახებ ახალი დეტალები გაავრცელა. გაზეთის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი 7 ივლისს თურქეთში, დაახლოებით, 1000 კაციან დელეგაციასთან ერთად ჩავა და ასევე საპრეზიდენტო მანქანას და ვერტმფრენს ჩაიყვანს, რომლებიც ანკარაში აიწყობა.
სამიტის წინა დღეს, ტრამპი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან ცალკე მოლაპარაკებებს გამართავს. შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე იქნება გამახვილებული, მათ შორის თურქული KAAN გამანადგურებლის ძრავების მიწოდებაზე, F-35 პროგრამაზე, CAATSA-ს სანქციებზე, სირიაში, ღაზაში, უკრაინასა და შავ ზღვაში უსაფრთხოებაზე.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ანკარა არა მხოლოდ მიმდინარე საკითხების განხილვას, არამედ „სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ელის, რომლებმაც, შეიძლება, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში ახალი ეტაპი განსაზღვრონ“. პირველად, თავდაცვის ინდუსტრია სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, თურქეთი კი იმედოვნებს, რომ გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც იარაღის მთავარი მწარმოებელი და ნატოს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი მონაწილე.
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში
