მიკროფონი რომ გამოგართვათ, ჩაგარტყათ და გითხრათ: არაფერ შუაში ვარ, რადგან მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ – „ყველაფერი ჩემი ბრალია“, დამშვიდდით – კალაძე მედიას

დღის სიახლეები პოლიტიკა

აქ არ არის ერთი შეხებით დაზიანება. თხოვნაა, შეეშვათ სიცრუის გავრცელებას – ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დაეკისრება – მე რომ მიკროფონი გამოგართვათ, თავში ჩაგარტყათ და გითხრათ, არაფერ შუაში ვარ, რადგან მიკროფონი მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ. „ყველაფერი ჩემი ბრალია“ ეს გინდათ, თქვენ. დამშვიდდით, „ყველაფერი ჩემი ბრალია“,- ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ლოტკინის დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სივრცეში მომხდართან დაკავშირებით მის შესაძლო პასუხისმგებლობას ეხებოდა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, უამრავი ვიდეო აქვთ და საზოგადოებას მიაწვდიან, თუ რა ხდება ახალ რეაბილიტირებულ სივრცეებში.

„მე მიზანმიმართულად არ ვსაუბრობ ამ კონკრეტულ თემაზე, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. მე და თქვენ რომ მივიდეთ, ვერ დავაზიანებთ [ აღნიშნულ კონსტრუქციას]. ეს ის თემაა, სადაც მნიშვნელოვანია საზოგადოება გაერთიანდეს. აქ არ არის ერთი შეხებით დაზიანება. ჩემი თხოვნაა, შეეშვათ მანიპულაციებს, სიცრუის გავრცელებას. კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი იყო, ასეთი ძალიან ბევრი ხდება. ვიდეოებს მიიღებთ. დღეში, ძალიან ბევრი ხდება ამ ტიპის ფაქტი. დარწმუნებული ვარ, თქვენ ტელევიზიებში ვერ იხილავენ ამ ფაქტებს. მხედველობაში მყავს „ტვ პირველი“ და „კეზერა ტვ“. საზოგადოებას არ მიაწვდით ინფორმაციას. თავისით არაფერი ზიანდება. გადავხედოთ, 2017 წლიდან რამდენი რეკრეაციული სივრცე გაკეთდა… სხვადასხვა ტიპის პროექტი ხორციელდება…როდესაც დაზიანება ხდება, ამას მოჰყვება რეაგირება. მე რომ მიკროფონი გამოგართვათ და თავში ჩაგარტყათ, რომ გითხრათ, არაფერ შუაში ვარ, რადგან მიკროფონი მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ. „ყველაფერი ჩემი ბრალია“ ეს გინდათ, თქვენ. დამშვიდდით, „ყველაფერი ჩემი ბრალია“.

ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დაეკისრება. ვანდალიზმი მიუღებელია! რამდენიმე ადამიანის კონკრეტულ ქმედებას და ვანდალიზმს, როდესაც სხვას აზიანებ, რეაგირება მოჰყვება“,- აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც მოზარდების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება.

„ეს არის მავნებლობა! დანაშაული და მიუღებელია ასეთი ფაქტები. რაც კეთდება საერთო მოხმარების არის და ყველა უნდა გაუფრთხილდეს“,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ლოტკინის დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სივრცეში ბავშვის დაშავების შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა. გამგეობა აღნიშნავდა, რომ ატრაქციონი რამდენიმე მოზარდმა დააზიანა, წაქცეული კონსტრუქცია კი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა. მათივე ცნობით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *