7 დაავადება, რის გამოც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა საქართველოში 2025 წელს7 დაავადება, რის გამოც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა საქართველოში 2025 წელს
საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია საუბარი.
კერძოდ, “საქსტატის” მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით (0.8%) მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7% და 15.5%.
“გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.
5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2025 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები,” – ნათქვამია “საქსტატის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების ტოპ-7 მიზეზის მიხედვით, ასეთია:
სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები – 16 711 გარდაცვლილი;
კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში – 9 389 გარდაცვლილი;
სიმსივნეები – 6 877 გარდაცვლილი;
სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები – 3 533 გარდაცვლილი;
ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი – 1 973 გარდაცვლილი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები – 1 521 გარდაცვლილი;
ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები – 1 024 გარდაცვლილი.
bpn.ge
