ევროპარლამენტმა, პრაქტიკულად, თავის ბოლო ანგარიშში თავი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას გაუტოლა – მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს.
პაპუაშვილის თქმით, მათთვის პრინციპულია, რომ ევროკომისია თავშივე გაემიჯნოს „ევროპარლამენტის მხრიდან ქართულ ეკლესიაზე ამგვარ უხეშ თავდასხმას.“
პაპუაშვილის თქმით, „ფარისევლობაა, როდესაც, ერთი მხრივ, ევროპარლამენტი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას გმობს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს.“
