რუსთავში კოსტავას გამზირზე რამდენიმე პირს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა და 39 წლის კაცის დაჭრით დასრულდა. დაჭრილი თვითდინებით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა “ინფო რუსთავს” უთხრა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
“ახალგაზრდა მამაკაცი შემოსულია თვითდინებით. აღენიშნებოდა შემავალი ნაკვეთი ჭრილობა მუცლის მარცხენა ნახევარში. პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები. გადავიყვანეთ ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა. ამჟამად პაციენტი მკურნალობას გადის რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა მძიმეა”,- თქვა რევაზიშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
