კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება – ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ, წარმოუდგენელი საკითხია – გენერალური პროკურორი

დღის სიახლეები პოლიტიკა

კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება – ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ, წარმოუდგენელი საკითხია, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის კითხვას: „არის თუ არა ქვეყანაში სისტემური კორუფცია“.

მისი თქმით, პროკურატურას არასდროს დაუხევია უკან თანამდებობის პირისა და ავტორიტეტული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოუხდენიათ და მომავალშიც ასე აპირებენ, რომ გააგრძელონ, რადგან კორუფციასთან ბრძოლა პროკურატურისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

“სისტემური კორუფცია არ არის ის, რა საქმეებსაც ჩვენ ვიძიებთ – ეს არ ნიშნავს სისტემურ კორუფციას. კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება – ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ, წარმოუდგენელი საკითხია. სისტემური კორუფცია ნიშნავს, როცა დავალებული აქვს ხელმძღვანელს და ჩაშლილია, რომ ყველამ რაღაც უნდა გააფუჭოს. ჩვენს მიერ გამოძიებული საქმეებისა და იმ შედეგების ხელშესახები შედეგების მიხედვით ჩანს, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს ინდივიდუალური და კონკრეტული დანაშაულები. აქედან გამომდინარე, ეს არ არის სისტემური დანაშაული. დანაშაული არის, იყო და იქნება. ჩვენც პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები კოორდინირებულად ხელჩაკიდებულები ვმუშაობთ და კიდევ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კორუფცია გამოვავლინოთ და დავსაჯოთ კორუფციაში მხილებული ყველა პირი. ეს არის ჩვენი საქმიანობა და პრიორიტეტული საკითხი პროკურატურისათვის და ჩვენი სამუშაო პოლიტიკით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტი.

თანამდებობის პირისა თუ ავტორიტეტული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე უკან არ დაგვიხევია და არც ვაპირებთ, რომ უკან დავიხიოთ. სადაც დანაშაული იქნება და სადაც შევძლებთ, რომ მტკიცებულება მოვიპოვოთ, ყველაზე გვექნება რეაგირება“, – განაცხადა გვარაკიძემ.

გარდა ამისა, გენერალურმა პროკურორმა უპასუხა გიორგი შარაშიძის შეკითხვას: „უნდა მიეცნენ თუ არა პასუხისგებაში იმ საჯარო მოხელეების ხელმძღვანელები, რომელთა დაქვემდებარების ქვეშ მყოფი პირებიც კორუფციის მუხლით არიან გასამართლებულები, მათ შორის, თბილისის მერი, კახა კალაძე.“

გვარაკიძის თქმით, მხოლოდ იმის, გამო რომ უფროსი არსებობს, რომლის დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს, არ აძლევს საშუალებას, რომ ის პასუხისგებაში მისცენ.

„დღემდე გამოკვეთილი არ არის რომელიმე ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი და მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და კანონი კოლექტიურ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის ინდივიდუალური და ის პირები, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ მტკიცებულებები შევაგროვეთ, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცნენ და დაწყებული იქნა დევნა. მხოლოდ იმის გამო, რომ უფროსი არსებობს და მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფმა პირებმა გარკვეული კატეგორიის დანაშაული ჩაიდინეს არ ნიშნავს, რომ ხელმძღვანელი პირიც პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს. იმისათვის რომ, ხელმძღვანელის პასუხისგებაში მიცემა შევძლოთ მანაც უნდა ჩაიდინოს დანაშაული ან ჩვენ უნდა დავადგინოთ, რომ მანაც დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *