გახსნილია საქმე, რომელიც 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას უკავშირდება

დღის სიახლეები სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უწყებამ 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის, შემოსავლების ლეგალიზაციისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მასშტაბური სქემა გამოავლინა.

უწყების ცნობით, საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. ამ ეტაპისთვის ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრია დაკავებული, სამ მიმალვაში მყოფ პირზე კი ძებნა გამოცხადდა.

გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 24 იურიდიული პირის მიმართ. კიდევ 11 ფიზიკურ პირს ბრალდება დაკავების გარეშე წარედგინა. საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, მათ გამოძიებასთან ითანამშრომლეს და სქემის გამოვლენას ხელი შეუწყვეს.

ბრალდებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. გამოძიების ვერსიით, ისინი პირადი ინტერესების გამო, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, წლების განმავლობაში ხელს უწყობდნენ დანაშაულებრივი სქემის ფუნქციონირებას და საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.

გამოძიების თანახმად, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ხელშემწყობი ფართომასშტაბიანი ქსელი ქვეყანაში 2018-2025 წლებში მოქმედებდა და პროცესს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები მართავდნენ:

  • დანაშაულის დასაფარად, მედიკამენტები დოკუმენტურად ფორმდებოდა წინასწარ რეგისტრირებული ფიქტიური ფარმაცევტული კომპანიების სახელზე, რომლებიც ბრალდებულებთან დაკავშირებულ პირებზე იყო გაფორმებული.
  • რეალურად, მედიკამენტები ყოველგვარი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე, მაღალი ფასნამატით იყიდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისეთ ობიექტებშიც კი, რომლებსაც აფთიაქის სტატუსი არ გააჩნდათ.

უწყების ინფორმაციით, უკანონო ვაჭრობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 53 832 723 ლარი შეადგინა. ამ თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად (ფულის გასათეთრებლად), ბრალდებულები თანხებს ხელფასებისა და დივიდენდების სახით აფორმებდნენ, რის შემდეგაც შეიძინეს დიდი ოდენობით უძრავი და მოძრავი ქონება. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული აქტივები სრულად არის დაყადაღებული და მათგან მომავალში სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) და 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ვაფრთხილებთ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მფლობელებსა თუ მენეჯერებს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში ოპერირებენ — იმ დანაშაულის მიმართ, რომლის შედეგადაც ზიანდება ბიუჯეტი, იზრდება კორუფციული რისკები და საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, სახელმწიფო იქნება განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი“, – განაცხადეს უწყებაში და აღნიშნეს, რომ მუშაობა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *