საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა და სასწავლო პროცესში დანერგვა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე, ეტაპობრივად განხორციელდება.
ცვლილების მიზანია დაზუსტდეს, რომ ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელოს საბოლოო ჩანაცვლებამდე, სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა, პარალელურად გამოიყენონ რეფორმის დაწყებამდე მოქმედი გრიფირებული ან ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ძველი წიგნებიც, რომლებიც სამინისტროსთან იქნება შეთანხმებული.
ცვლილებების აუცილებლობა მიმდინარე წლის 5 თებერვალს მიღებულმა საკანონმდებლო ნორმამ გამოიწვია.
ვინაიდან ახალი სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა და შექმნა დროში გაწერილი პროცესია, მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ჩანაცვლება მოხდეს არა ერთბაშად, არამედ საფეხურებრივად, 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე. სამინისტროსთან ძველი სახელმძღვანელოების შეთანხმების წესსა და ვადებს განათლების მინისტრი ინდივიდუალური აქტით დაადგენს.
ავტორების განცხადებით, ახალი საგანმანათლებლო რესურსებით სწავლება დადებით გავლენას იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე და ხელს შეუწყობს ხარისხიანი განათლების მიღებას.
საკანონმდებლო ორგანოში პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება.
