2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა , – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ბავშვთა უფლებების, განათლების, ქალთა უსაფრთხოების, თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება.
სახალხო დამცველის ანგარიშში ვრცლად არის შეფასებული ბავშვის უფლებები, მისი საუკეთესო ინტერესების დაცვასა და უფლებებზე სახელმწიფო გადაწყვეტილებების გავლენა. ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მექანიზმების ხარვეზები, ბავშვთა სიღარიბე, რაც პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, განვითარებასა და სხვა უფლებების რეალიზებაზე.
2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა.
სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, არსებული მექანიზმები უმეტესად რეაქტიული ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებასა და დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხელშეწყობას”,- ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ზოგადი განათლების უწყვეტობის კუთხით პრობლემური ტენდენციები შენარჩუნებულია. 2025 წელს 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1 366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი.
„ზოგადი განათლების სფეროში კვლავ პრობლემურია სკოლების ნაწილის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და მრავალცვლიანი სწავლების პრაქტიკა, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების კლასგარეშე და არაფორმალურ აქტივობებში ჩართულობაზე.
ზოგადი განათლების უწყვეტობის კუთხით კვლავ იკვეთება პრობლემური ტენდენციები. მართალია, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობრივი მაჩვენებლის მიუხედავად, 2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქალთა მიმართ ძალადობისა და მისი ყველაზე მძიმე ფორმის – ფემიციდის – შემთხვევები.
„სამწუხაროდ, 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობისა და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახის წევრების მიერ იყო ჩადენილი. პროკურატურამ ფემიციდი 5, ხოლო ფემიციდის მცდელობა 8 შემთხვევაში გამოკვეთა.
მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ცვლილებებისა, კვლავ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს ჰქონდა ინფორმაცია შესაძლო ძალადობის შესახებ, თუმცა ქალის მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის პრევენცია ვერ მოხერხდა. გაანალიზებულმა საქმეებმა გამოავლინა ხარვეზები გამოძიების, რისკების შეფასების, დამცავი მექანიზმების გამოყენებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ფემიციდი დაკავშირებულია ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ და სტერეოტიპულ შეხედულებებთან, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობასთან. შესაბამისად, ფემიციდის პრევენცია საჭიროებს არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივ რეაგირებას, არამედ პრევენციული მექანიზმების, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაძლიერებას
2025 წელს კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების დროული გამოვლენა, ეფექტიანი გამოძიება და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის უზრუნველყოფა. მიუხედავად სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და გადამზადებებისა, პრაქტიკაში კვლავ იკვეთება სირთულეები დანაშაულის მოტივის დროულ გამოვლენასა და სათანადო სამართლებრივ შეფასებაში.
საანგარიშო პერიოდში თანასწორობის უფლების რეალიზების მიმართულებით კვლავ გამოვლინდა გამოწვევები. პრობლემები შეეხებოდა როგორც შრომით ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს, ისე მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი საინფორმაციო ბაზების შექმნის მიმართულებით მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა ადამიანის უფლებების დაცვის, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების, დისკრიმინაციის პრევენციისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის კუთხით”,- ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
