სიცხის ტალღის პიკი ოთხშაბათს არის მოსალოდნელი – სად დაცხება ყველაზე ძლიერ

დღის სიახლეები უცხოეთი

საფრანგეთში, ესპანეთსა და დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებში სიცხის საფრთხის გამო, განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ სიცხე მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება და ტემპერატურამ, შესაძლოა, 40°C-ს გადააჭარბოს. ამის შესახებ BBC იუწყება.

საფრანგეთში, ქვეყნის რეგიონების ნახევარზე მეტში, ამინდის ცვალებადობის ყველაზე მაღალი დონე გამოცხადდა. მეტეო-ფრანსის მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ორშაბათს ბორდოში ტემპერატურამ 42°C-ს (107°F) მიაღწია და განათლების სამინისტროს ბრძანებით ასობით სკოლა დროებით დაიხურა.

სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ კარპენტრასში ოჯახის მანქანაში ორი და ოთხი წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია უკიდურეს სიცხეს უკავშირდება.

მსგავსი გაფრთხილებები საფრთხის უმაღლესი დონის შესახებ გერმანიის, იტალიის, შვეიცარიისა და ლუქსემბურგის ხელისუფლებამ გაავრცელა.

ევროპის ბევრ ქვეყანაში სიცხის ტალღის პიკი ოთხშაბათს არის მოსალოდნელი. პარიზში სინოპტიკოსები ტემპერატურას 41°C-მდე პროგნოზირებენ.

ტემპერატურის მატება გამოწვეულია საჰარის უდაბნოდან ჩრდილოეთისკენ ცხელი ჰაერის შემოდინებით. ეს ნაკადი ქმნის ერთგვარ „სითბოს გუმბათს“, რომელიც ცხელ ჰაერს დაზარალებულ რეგიონებში აკავებს. სინოპტიკოსების შეფასებით, ამჟამინდელი სიცხის ტალღა შესაძლოა, ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *