წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია 562,5 ლარი აღარ იქნება – რა ცვლილება შედის დაფინანსების პროგრამაში

დღის სიახლეები საზოგადოება

თბილისის მერიის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილებები შედის.

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარი გახდება. ასევე, ამოქმედდება ახალი პროგრამა სახელწოდებით – „ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის“.

„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილებები მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ამოქმედდება.

„პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების შემუშავებაზე იმუშავებენ, მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტური სფეროების განსაზღვრა კი ყოველწლიურად განხორციელდება. ასევე გაგრძელდება იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს სწავლის უფლება სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერია, ყოველსემესტრულად, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს აფინანსებს.

„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს 1 280-მა სოციალურად დაუცველმა, 500-ზე მეტმა მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა სტუდენტმა და 50-მდე შშმ სტუდენტმა მიიღო დაფინანსება. ამასთან, მივესალმებით აღნიშნული მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაზრდის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *