სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს, ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება – რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება.
მისი თქმით, სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთს ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებაში ედება. მისივე თქმით, ჯაშუშობაში და ჯაშუშური ქსელის ერთგვარ ლიდერობაში იმხილება მეორე ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა.
„ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით. იმედია, ამ შემთხვევაში მაინც იქნება სწორი დასკვნები გამოტანილი შესაბამისი სამსახურების თუ კონკრეტული პირების მხრიდან.
ყველამ უნდა იცოდეს რომ, დღეს ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება – რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, რაც იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
