მოვითხოვთ, დაიკითხოს კახი კალაძე, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა, მათ შორის სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი შარკოვი და მისი წინამორბედი მამუკა კობახიძე, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის ტენდერიდან 41 105 298 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების საქმეზე 4 პირის დაკავებას.
მისი თქმით, 27 ტენდერიდან მოპარულ 41 მილიონ ლარზე „პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, კახი კალაძე ვერ გაექცევა!“.
ფარულავას შეფასებით, 41 მილიონი ქალაქის ინტერესებს რომ მოხმარებოდა, მგზავრთა ნაკადების მართვისა და დამატებითი ჩასასვლელ-ამოსასვლელების მოწყობის საკითხის რეალურად დაყენება შესაძლებელი იქნებოდა.
„მოპარული 41 მილიონი ლარი მეტროდან და სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში!
კახი კალაძის მერობის პირობებში თბილისის მეტროს 27 ტენდერში, 2017–2024 წლებში, გამოყოფილი 145 მილიონი ლარიდან 41 მილიონზე მეტის მითვისების საქმეზე ოთხი პირი დააკავეს.
ეს პროკურატურის ბრალდების ვერსიაა, მაგრამ მთავარი კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.
ლევან ხაბეიშვილი წლების წინ საუბრობდა გელა ძიძიკაშვილზე, კორუფციასა და ხელოვნურად გაზრდილ ფასებზე. დღეს კი გამოძიება უკვე 41 მილიონ ლარზე საუბრობს!
სად იყო კახი კალაძე? სად იყო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობა? რატომ არ აღიკვეთა ეს ყველაფერი დროულად?
თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია: ახმეტელის მეტროში, რუსთაველზე, თავისუფლებაზე, ავლაბარსა და მარჯანიშვილზე პიკის საათებში მგზავრები მეტროსადგურებში ჩასვლასაც კი ვეღარ ახერხებენ.
ეს 41 მილიონი რომ ქალაქის ინტერესებს მოხმარებოდა და არა კორუფციულ სქემას, შესაძლებელი იქნებოდა მგზავრთა ნაკადების მართვისა და დამატებითი ჩასასვლელ-ამოსასვლელების მოწყობის საკითხის რეალურად დაყენება.
მოვითხოვთ, დაიკითხოს კახი კალაძე, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა, მათ შორის სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი [გიორგი] შარკოვი და მისი წინამორბედი მამუკა კობახიძე.
27 ტენდერიდან მოპარულია 41 მილიონი ლარი და ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობას, კახი კალაძე ვერ გაექცევა!“ , – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი, მათ შორის, სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის’’ დირექტორი – გელა ძიძიკაშვილი დააკავა.



