ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა თავის ბოლო განცხადებაზე, რომ მისი აზრით, უკრაინაში ომი „დასრულებისკენ მიდის“.
გაზეთ „კომერსანტის“ კითხვის საპასუხოდ, პუტინმა განაცხადა, რომ მან ომის სწრაფი დასრულება იწინასწარმეტყველა, რადგან რუსული ჯარები ბრძოლის ველზე „ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ“.
„ბრძოლის ველზე სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ეს გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ სიტუაცია დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა პუტინმა და გულისხმობდა, რომ მისი აზრით, რუსული ჯარები მალე მიაღწევენ გამარჯვებას.
პრესკონფერენციაზე პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ამჟამად „შეჩერებულია“.
„გარკვეული კონტაქტები შენარჩუნებულია. მოლაპარაკებები, როგორც ასეთი, არ მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
