ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა საქართველოს მოქალაქე დააკავა – ვინ არის დაკავებული

დღის სიახლეები სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

სუს-ის ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელსაც შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

„დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს სუს-ში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *