მობილიზაციის შიშით რუსები კვლავ საქართველოს საზღვარს მოაწყდნენ – „ვითარება 2022 წლის ანალოგიურია“

დღის სიახლეები პოლიტიკა

შემოდგომაზე შესაძლო მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ ჭორების ფონზე ათიათასობით რუსმა საქართველოში გამგზავრება გადაწყვიტა. რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „მგზავრთა რეკორდული ნაკადი“ დააფიქსირა, რასაც The Moscow Times ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, 15 და 16 აგვისტოს საქართველოს საზღვარს ყოველდღიურად 19 000-ზე მეტი ადამიანი კვეთდა, ხოლო 18 აგვისტოს 20 000-ზე მეტი მგზავრი დაფიქსირდა.

„ამჟამინდელი მაჩვენებლები წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება,“ – წერს ფედერალური საბაჟო სამსახური.

ასევე, საინფორმაციო სააგენტო „ოსტოროჟნო-ნოვოსტის“ მიერ მოყვანილი თვითმხილველების თქმით, საზღვრის რუსულ მხარეს უზარმაზარი საცობია, სადაც ავტომობილები საათში 50 მეტრის სიჩქარით მოძრაობენ.

ამასთან, გამოცემა „ვერსტკას“ ცნობით, მანამდე რუსებს შორის სომხეთის დედაქალაქ ერევანში ბინების დაქირავებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ადგილობრივი რეალტორების შეფასებით, „სიტუაცია, ზოგადად, 2022 წლის ანალოგიურია.“ ბინების გაქირავების ფასები 30%-ით გაიზარდა. რუსები ბინებს უცნობებთან ერთად ერთობლივი დაქირავებით ეძებენ. უძრავი ქონების სომხურ Telegram-არხ „მეტრები-დრამებშის“ ცნობით, „დასაქირავებელი ნორმალური ვარიანტები“ უკვე ამოიწურა.

რუსულ პროექტ „რელოკაცის“ მონაცემებით, ემიგრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების რაოდენობა 1.7-ჯერ, ანუ დღეში 70-დან 120 განაცხადამდე გაიზარდა. განმცხადებლებს ქვეყნის დატოვება სექტემბრამდე ან ოქტომბრამდე სურთ. მოთხოვნები, ძირითადად, 40 წლამდე ასაკის, ანუ 18-30 წლის მამაკაცებისგან ფიქსირდება. პროექტმა, ასევე, შენიშნა იმ ადამიანების მხრიდან მოთხოვნის ზრდა, რომლებიც 18 წლის არიან ან მალე შეუსრულდებათ, ასევე, იმ ქალების მხრიდან მომართვიანობა, რომლებიც მეუღლის, ვაჟის ან პარტნიორის გადასვლის შესახებ კითხულობენ. ამჯერად მოქალაქეთა უმეტესობა დროებით თავშესაფარს, ანუ „რამდენიმე თვით გასაჩერებელ“ ადგილს კი არა, არამედ ქვეყანას ეძებს, სადაც ისინი მუდმივად შეძლებენ დასახლებას.

ახლახან გამოცემა „ვერსტკას“ წყაროებმა განუცხადეს, რომ სახელმწიფო სათათბიროს სექტემბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გამოაცხადოს. ამ უკანასკნელის შესახებ ჭორები უკვე რამდენიმე თვეა, ვრცელდება. ვაშინგტონში დაფუძნებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ახალი მობილიზაციისთვის მზადების შესახებ უკვე წერენ. ასევე, ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკი The Washington Post-თან კომენტირებისას არ გამორიცხავს, რომ კრემლს ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, თუ ფრონტზე დიდი დანაკარგი გაგრძელდება.

თავად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ადასტურებს, რომ პუტინი ახალი მობილიზაციის ფარგლებში ფრონტზე „300-დან 500 ათასამდე ადამიანის“ გაგზავნას გეგმავს. მისი არგუმენტით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წლის დასაწყისიდან 221 000 კონტრაქტორი ჯარისკაცი გაიწვია, თუმცა იმავე პერიოდში დანაკარგმა 225 500-ს მიაღწია, რომელთაგან 131 000 დაიღუპა.

ცნობისთვის: ზემო ლარსი რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტია. 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, პუტინის მობილიზაციის გამო ის რუსეთში ყველაზე დატვირთული სასაზღვრო პუნქტი აღმოჩნდა: ათიათასობით რუსმა ქვეყანა დატოვა და დღეების განმავლობაში კილომეტრების სიგრძის საცობებში იყო ჩარჩენილი.

გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2022 წელს მობილიზებული, დაახლოებით, 300 000 პირიდან მიმდინარე წლის დასაწყისისთვის ფრონტზე მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტი, 168 000 პირი იყო დარჩენილი.

bpn.ge

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *