საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მის სპეციალურ წარმომადგენელს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სად შედგება ორი მხარის წარმომადგენლის პირველი შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გასაჯაროვდება.
„რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი, ამ ურთიერთობების აღდგენას თავისი ბუნებრივი ბარიერი აქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოთა ე.წ. აღიარება. შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება.
რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩვენს სპეცწარმომადგენელსა და რუსეთის სპეცწარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება. ყველა თემაზე იქნება საუბარი. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული.
[პირველი შეხვედრა] ალბათ ძალიან მალე იქნება, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება, სად იქნება როდის იქნება ამაზე გაგიზიარებთ ინფორმაციას. შეიძლება არც თბილისში იყოს, არც მოსკოვში, შეიძლება სხვაგან იყოს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ ინფორმაციას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი 21 ოქტომბერს დანიშნა. დღეს კი მედიაში, რუსულ გამოცემა „იზვესტიაზე“ დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან „კონტაქტი უკვე დამყარებულია“. მოსკოვს ზურაბაშვილთან მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს.



