საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე ჩვენ ფაქტობრივად შემოვაბრუნეთ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წაგებული საქმეები, რომელიც არასწორად იქნა წარმოებული,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხის განხილვას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს წინააღმდეგ საქმეებში ჩართული იყვნენ უცხოურო დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, მათ შორის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
„მათ ერთი პროცესი წააგეს საერთაშორისო სასამართლოში, უფრო სწორედ, არც კი მიიღო წარმოებაში, იმდენად არასწორად იყო მიმართვა. ამით შანსი დაგვიკარგეს შემდეგ ხელისუფლებას, ვინაიდან ერთხელ უკვე უარყოფილი საჩივარი იყო და ხელმეორედ ვეღარ მიმართავდა საქართველო საერთაშორისო სასამართლოს, სადაც იქნებოდა სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. ეს შანსი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა ამ ქვეყანას დააკარგვინა, რომ სამართლებრივად იქაც დაგვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე. ჰააგა და სტრასბურგი ფაქტობრივად უიმედო საქმეები იყო, ისე მიჰყავდა პროცესები „ნაცმოძრაობას“. საქართველოს წინააღმდეგ ჩართული იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, მათ შორის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხარეს იბრძოდა. სტრასბურგის სასამართლოში საია არგუმენტებს უმზადებდა რუსეთს. ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შემოაბრუნა და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში. ახლა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავის ვალდებულებს არ ასრულებს, არ დავავიწყოთ სამყაროს და შევახსენოთ რუსეთს- შესასრულებელი არის ვალდებულებები, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე თუ გვიან, ეს გადაწყვეტილებები შესრულდება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთის ფედერაციას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
