სამხრეთ აფრიკაში ხუთი გიგანტური ბაობაბის გადასარჩენად საგანგებო ოპერაცია ჩატარდა. საუკუნოვანი ხეები, რომლებიც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების გასამწვანებლად საქართველოში უნდა ჩამოეტანათ, დურბანის პორტიდან ბუნებრივ ნაკრძალში გადასატანად გაგზავნეს. ხეები სამ თვეზე მეტხანს მიწიდან ამოთხრილი, წყლის გარეშე, ღია სივრცეში იყო დატოვებული.
ამის შესახებ სამხრეთაფრიკული გამოცემა Daily Maverick წერს.
გამოცემის ცნობით, ხუთი ბაობაბის ექსპორტი სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის უწყებამ ივლისის ბოლოს შეაჩერა. აღმოჩნდა, რომ ექსპორტიორ კომპანიას ხეების ამოთხრის, ტრანსპორტირებისა და ქვეყნიდან გატანისთვის აუცილებელი ნებართვები არ ჰქონდა.
ხეების გადარჩენის ოპერაციაში ჩაერთო ეკოლოგი სარა ვენტერი, რომელმაც კერძო დაფინანსების მოძიება და ბაობაბების ტიმბავატის ნაკრძალში გადატანა შეძლო. თითოეული ხის წონა, სავარაუდოდ, 17-დან 30 ტონამდეა, ხოლო მათი გადასარჩენად 900 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა გახდა საჭირო…
აღსანიშნავია, რომ სამხრეთაფრიკული გამოცემა ბიძინა ივანიშვილს ბაობაბების სავარაუდო საბოლოო მიმღებად ასახელებს, თუმცა მისი მონაწილეობა კონკრეტულ გარიგებაში ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ტვ პირველი



